66 მილიონი წლის წინ დედამიწას კოსმოსიდან შემოჭრილი მთის ზომის ობიექტი შეასკდა. ამ მოვლენამ უბედურებათა მთელი კასკადი გამოიწვია, რომლებმაც პლანეტაზე არსებულ ორგანიზმთა სამი-მეოთხედი მოსპო, მათ შორის არამფრინავი დინოზავრები.
მექსიკის ყურეში, იუკატანის ნახევარკუნძულთან, აღმოჩენილია ამ კატასტროფის შედეგად წარმოქმნილი 200 კმ სიგანის კრატერი. დიდი ხნის განმავლობაში, მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ სიცხის თავდაპირველ ტალღას გამანადგურებელი, გლობალური ზამთარი უნდა მოჰყოლოდა.
თუმცა, როგორც ირკვევა, სინამდვილეში, ატმოსფეროში აზვირთებული ნახშირორჟანგის შედეგად, პლანეტა ნამდვილ სათბურად უნდა ქცეულიყო.
რამდენიმე დღის წინ ჟურნალ Science-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევა მხარს უჭერს გლობალური დათბობის ჰიპოთეზას, რასაც შესაძლოა, მნიშვნელოვანი გავლენა დღესაც ჰქონდეს.
მკვლევართა დასკვნით, თანამედროვე მექსიკის ქალაქ ჩისკულუბთან ჩამოვარდნილი ასტეროიდის შემდეგ, სუბტროპიკული ზღვა 5 გრადუსი ცელსიუსით გათბა და ამ სითბომ მომდევნო 100 000 წელიწადს გასტანა.
„ეს ნიშნავს, რომ პოლუსებზე თავისუფლად იცხოვრებდნენ ნიანგები, ტროპიკები კი ძირითადად დაუსახლებელი გახდებოდა“, — ამბობს კვლევის ავტორი, მისურის უნივერსიტეტის პალეონტოლოგი კენ მაკლეოდი.
კვლევის მიხედვით, CO2-ის შედარებით სუსტ ტალღასაც კი შეუძლია ჰქონდეს ღრმა ეფექტი. ეს მოსაზრება რელევანტურია დღესაც, როცა სხვადასხვა ქვეყნების მიერ გამოყოფილი სათბური გაზები ატმოსფეროში ნახშირორჟანგის ფენას წარმოქმნიან, რაც გლობალურ დათბობას იწვევს.
„ჩვენი კვლევის კასკადური შედეგების მიხედვით, ნახშირორჟანგის გამოყოფა ალბათ ათ წელზე მეტხანს არ გაგრძელდა, მაგრამ სათბურის ეფექტმა 100 000 წელიწადს გასტანა“, — აღნიშნავს მაკლეოდი.
კვლევა ეფუძნება ტუნისში, ელ-კეფის არქეოლოგიურ ძეგლზე აღმოჩენილი ნამარხი თევზების ძვლებს, კბილებსა და სხვა ნაშთებს.
ამ სახელგანთქმულ ძეგლზე წარმოდგენილია გეოლოგიური ფორმაციები დანალექი ფენებით, რომლებიც მიეკუთვნება ცარცული პერიოდის დასასრულს (როცა დედამიწაზე დინოზავრები დააბიჯებდნენ) და პალეოცენის ეპოქის დასაწყისს.
ამ პერიოდს მეცნიერები ცარცულ-პალეოცენის საზღვარს უწოდებენ.
თევზის ნარჩენები ერთგვარი თერმომეტრია. ქვიშის ზომის ფრაგმენტები შეიცავს ჟანგბადის იზოტოპებს — ატომებს, რომლებსაც ნეიტრონების განსხვავებული რაოდენობა და ატომური მასა აქვთ.
პოტსდამის ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორის, პეიჯ კინტონის თქმით, ამ იზოტოპთა შედარებით სიუხვეს განაპირობებს წყლის ტემპერატურა. რაცა ფრაგმენტში შეინიშნება იზოტოპთა მაჩვენებლის ცვლილება, ეს გახლავთ ტემპერატურის ცვლილების სიგნალი.
მისი განცხადებით, ელ-კეფის ნიმუშთა პირველადმა კვლევამ მეცნიერები რამდენიმე წლის წინაც გააოცა, რადგან ისინი გრძელვადიან გლობალურ დათბობაზე მიუთითებდნენ.
მას შემდეგ, მეცნიერებმა უფრო მეტი ნიმუში აიღეს და კვლევა განაგრძეს.
„ჩვენ დავდეთ პირველი მტკიცებულება, რომ ასტეროიდის შეჯახების შემდეგ, მართლაც მოხდა გლობალური დათბობა“, — ამბობს კინტონი.
როგორც ჩანს, დედამიწაზე არსებული სიცოცხლის დიდი ნაწილი სამი სხვადასხვა ეფექტის გამო გადაშენდა.
პირველი თავად ასტეროიდის დარტყმა იყო, რასაც თან ახლდა შოკური ტალღები და ცუნამი. როგორც მაკლეოდი აღნიშნავს, რამდენიმე საათის შემდეგ, ატმოსფეროდან უკან, ზედაპირზე ჩამოცვენილი ნარჩენების ხახუნის შედეგად წარმოქმნილი სიცხე იმდენად ინტენსიური იყო, რომ ცა უბრალოდ ღუმელი გახდა.
მთელი მსოფლიოს ტყეები ცეცხლის ალში გაეხვა.
ამას მოჰყვა სიცივისა და სიბნელის წლები, რადგან ატმოსფეროს ზედა ნაწილში ასული სულფატები, მტვერი და ჭვარტლი მზის სინათლეს ბლოკავდა.
NASA-ს პლანეტური მეცნიერის, ანდრია ოკამპოს განცხადებით, პირველი ექვსი თვე სრული წყვდიადი სუფევდა და რომ არა ოკეანეების მიერ შენარჩუნებული სითბო, ჩვენი პლანეტა უბრალოდ გაიყინებოდა.
კენ მაკლეოდი უფრო ბნელ სურათს ხატავს:
„ყველაფერს, რაც სიცხის ტალღას გადაურჩა, წლების განმავლობაში კავშირი ჰქონდა ძალიან მცირე ოდენობის მცენარეულობასთან. ამ პერიოდში გადარჩენილებს კი მომდევნო 100 000 წლის განმავლობაში არსებობა ძლიერი სათბურის ეფექტის ქვეშ მოუწიათ“.
მეცნიერების ეს სფერო საკმაოდ სადავოა და სულაც არ არის გასაკვირი, რომ ახალ კვლევას უმალ გამოეხმაურა პრინსტონის უნივერსიტეტის გეოლოგი გერტა კელერი. უკვე დიდი ხანია, იგი ამტკიცებს, რომ ცარცული პერიოდის მასობრივი გადაშენება გამოიწვია ინდოეთში გააქტიურებულმა ვუკლანიზმმა. სწორედ ამ პროცესის შედეგად არის წარმოქმნილი დედამიწის ერთ-ერთი უდიდესი ვულკანური მახასიათებლები — დეკანის ტრაპები.
კელერმა კვლევა გამოქვეყნებამდე წაიკითხა. როგორც იგი აღნიშნავს, ელ-კეფის ფორმაციები და მათი წარმომქმნელი დალექვის მაჩვენებელი სათბურის ეფექტით დათბობის გაცილებით გრძელვადიან პერიოდზე მიუთითებს, დაახლოებით 5000 წელიწადზე.
მისი თქმით, ამ ყველაფერს ნახშირორჟანგის მხოლოდ ერთი ამოფრქვევა, მაგალითად ჩისკულუბთან ასტეროიდის დარტყმა ვერ გამოიწვევდა. ამის მიზეზი გაცილებით გაჭიანურებული ვულკანური ერა უნდა ყოფილიყო.
გეოლოგ პოლ რენეს მტკიცებით, ჩისკულუბის დარტყმას უნდა გაეძლიერებინა დეკანის ტრაპების ვულკანიზმი. იგი გაოცებულია იმ ფაქტით, რომ ახალ კვლევაში ავტორები ვულკანიზმს საერთოდ არ იხსენიებენ.
თუმცა, ახალი კვლევით აღფრთოვანებულია სმიტსონის ბუნების ისტორიის ეროვნული მუზეუმის გეოლოგი ბრაიან ჰაბერი. მისი თქმით, ეს ძალიან შთამბეჭდავი კვლევა გვიყვება CO2-ის ხანგრძლივობის მეტად საინტერესო ამბავს.
„ეს გახლავთ სამომავლო დათბობის გაკვეთილი, რომელიც ნათლად აჩვენებს, თუ რას უშვრება ატმოსფეროს ჩვენ მიერ დამწვარი წიაღისეული საწვავი“, — აღნიშნავს ბრაიან ჰაბერი.
მომზადებულია The Washington Post-ის მიხედვით