დიმიტრი საძაგლიშვილი - არ გამოვრიცხავთ, რომ „რუსთავი 2“-ის გაყიდვა კვლავ რჩება დღის წესრიგში
„რუსთავი 2“-ის ყოფილი მფლობელების, ძმებ ყარამანიშვილების ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, რომ არ არის გამორიცხული, „რუსთავი 2“-ის გაყიდვა კვლავ რჩებოდეს დღის წესრიგში.
„ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ „რუსთავი 2“-ის გაყიდვა კვლავ რჩება დღის წესრიგში, თუმცა ქიბარ ხალვაშის თავდაპირველი განცხადებაც ისეთი იყო, რომ პირიქით, ხალხს მოუწოდებდა, არვინ იყიდოთ „რუსთავი 2“, ვიდრე იყიდეთო. მან გაბერა „რუსთავი 2“-ის ვალდებულებები. არ თქვა ის გარემოება, რომ ამ ვალდებულებების დიდი ნაწილი უბრალოდ, ხანდაზმულია, ძალიან ძველია. 15 წელზე მეტია, რაც ეს ვალდებულებები კომპანიას მოსდევს და არანაირი ვალდებულებები ამ ვალების დიდი ნაწილის გადახდის აღარ არსებობს.
ცხადია, რომ ეს არ არის ქონების გაყიდვის ნორმალური რეჟიმი და ბუნებრივია, რომ არც ნორმალური მყიდველი არ გამოჩნდება. უბრალოდ, შესაძლებელია, დავალების შესასრულებლად რომელიმე პირმა შეიძინოს „რუსთავი 2“ და სწორედ ამას ემსახურება ჩვენ მიერ გაკეთებული განცხადებაც, რომ ისინი არ ჩაითვლებიან კანონიერ მესაკუთრეებად“, – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
მისივე თქმით, სავარაუდოდ ქიბარ ხალვაში შეეცდება სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებას, ოღონდ არა ჟურნალისტები პირდაპირ სახლში გაშვებით, არამედ დაიწყებს ე.წ. ხარჯების ოპტიმიზაციაზე მუშაობას.
„ეს იმას ნიშნავს, რომ შეუმცირებს ხელფასებს ჟურნალისტებს, ოპერატორებს და ამ გზით შეეცდება, რომ აიძულოს ისინი, დატოვონ არხი. რეალურად, მიზანი გაცხადდა მაშინ, როცა თქვა, რომ ხალხის სამსახურში უნდა დაბრუნდეს „რუსთავი 2“ და ის არ უნდა ემსახურებოდეს რომელიმე კონკრეტულ ჯგუფს, ამით ის ფაქტობრივად ხაზს უსვამს, რომ მას არ მოწონს „რუსთავი 2“-ში დღეს არსებული სარედაქციო პოლიტიკა და მიაჩნია, რომ ეს უნდა იყოს შეცვლილი“, – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
არხის მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა გუშინ განაცხადა, რომ „რუსთავი 2“ არ გაიყიდა და მიიღო გადაწყვეტილება, ტელევიზია არ გაკოტრდეს.