დიმიტრი ქუმსიშვილი - წიაღის შესახებ ინფორმაციული ფონდები ციფრული, საჯარო და უფასო გახდება
სასარგებლო წიაღისეულის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა გაიზრდება, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობა წიაღის მნიშვნელოვან რეფორმას იწყებს, სასარგებლო წიაღისეულის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა კი რეფორმის ერთ-ერთი შედეგი იქნება.
პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მთავრობის ხელთ არსებული ინფორმაციული ფონდები, რომლებიც სასარგებლო წიაღისეულს შეეხება, გადავა ციფრულ ფორმატში და მოხდება აღნიშნული ინფორმაციის გასაჯაროება.
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, დღეს აღნიშნული ინფორმაცია ფასიანია და შესაბამისად, ბიზნესს მასთან წვდომა შეზღუდული აქვს.
ეკონომიკის მინისტრის თქმით, სასარგებლო წიაღისეულის შესწავლის სტიმულირება წიაღის რეფორმის ერთ-ერთი მთავარი შედეგი იქნება.
მისი განცხადებით, საქართველოში გადასახადი შესწავლა-ძიებაზე ჰექტრობის მიხედვით საკმაოდ მაღალია, რაც კომპანიებს არ აძლევს სტიმულს, რომ მათ მოინდომონ და აითვისონ შესასწავლი ტერიტორიები.
„შესაბამისად, ამ მიმართულებით იქნება მნიშვნელოვანი შემცირება,” – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
დღეს მთავრობამ მხარი დაუჭირა შეთანხმებას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან, რომლის დახმარებითაც ქვეყანაში იწყება წიაღის რეფორმას.
ახალი მიდგომა ითვალისწინებს დაბალანსებულ მიდგომას წიაღის უფრო ეფექტურად გამოყენებისა, ისე, რომ მოხდეს გარემოსდაცვითი და ბევრი სხვა ასპექტის, მათ შორის, შრომის უსაფრთხოების მაქსიმალურად გათვალისწინება.
საკითხზე ერთობლივად იმუშავებენ ეკონომიკის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები.