გიორგი კვირიკაშვილი - საქართველოში ბუნებრივი რესურსებისა და წიაღის ეფექტურ გამოყენებაზე მუშაობა იწყება
გიორგი კვირიკაშვილი - საქართველოში ბუნებრივი რესურსებისა და წიაღის ეფექტურ გამოყენებაზე მუშაობა იწყება

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დახმარებით, საქართველოში ბუნებრივი რესურსებისა და წიაღის ეფექტურ გამოყენებაზე მუშაობა იწყება.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, საკითხზე ერთობლივად იმუშავებენ ეკონომიკის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები.

“მინდა, შევეხო კიდევ ერთ საკითხს – ეს გახლავთ ბუნებრივი რესურსების და წიაღის რეფორმა. ეს არის მნიშვნელოვანი სიახლე. ჩვენ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დახმარებით, ვიწყებთ მუშაობას სრულიად ახალ მიდგომაზე, რომელიც ითვალისწინებს დაბალანსებულ მიდგომას ჩვენი წიაღის უფრო ეფექტურად გამოყენებისა, ისე, რომ მოხდეს მაქსიმალურად გათვალისწინება გარემოსდაცვითი ასპექტების და ასევე, ძალიან ბევრი სხვა ასპექტის, მათ შორის, შრომის უსაფრთხოების.

ამ საკითხზე ერთობლივად იმუშავებენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დახმარებით.  შემდეგი ეტაპი იქნება საკანონმდებლო ჩარჩოს მნიშვნელოვნად შეცვლა, რათა ჩვენმა ქვეყანამ ახალ მოთხოვნებს უპასუხოს, მათ შორის, მაღალი გარემოსდაცვითი სტანდარტების გათვალისწინებით, ოპტიმალურად გამოიყენოს ბუნებრივი რესურსები და ჩართოს  ბუნებრივი რესურსები ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.