დიმიტრი ქუმსიშვილი - წიაღის სარგებლობასთან დაკავშირებული ბიზნესპროცესები გამარტივდება
წიაღის სარგებლობასთან დაკავშირებული ბიზნესპროცესები გამარტივდება, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ როგორც თვით ლიცენზიის მოპოვება, ასევე შემდგომ მასთან დაკავშირებული საკითხები და სახელმწიფოსთან კომუნიკაცია მნიშვნელოვნად გაადვილდება.
მინისტრის განმარტებით, დასრულდება პლატფორმა, რომელიც აღნიშნულ ბიზნესში ჩართულ კომპანიებს საშუალებას მისცემს, რომ მათ ონლაინრეჟიმში ჰქონდეთ კომუნიკაცია სახელმწიფოსთან.
„რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოხდება საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგება, რომელიც დღეს არის დაბრკოლება და არა ხელშეწყობა ბიზნესისთვის“, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, წიაღის რეფორმის შედეგად, დაინერგება ლიცენზირების ელექტრონული პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს თითოეული ლიცენზიის გაცემის, მასში ცვლილების, ლიცენზიის ფარგლებში წარმოდგენილი წლიური ანგარიშების, ასევე რეგულირების საფასურის ანგარიშგების შესახებ ინფორმაციის ელექტრონულად წარმოების შესაძლებლობას.
მისივე განცხადებით, შეიქმნება ელექტრონული ანგარიშგების შესაძლებლობა და ლიცენზიის მფლობელს სახლიდან გაუსვლელად შეეძლება სახელმწიფოსთან ანგარიშგება.
დღეს მთავრობამ მხარი დაუჭირა შეთანხმებას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან, რომლის დახმარებითაც ქვეყანაში იწყება წიაღის რეფორმას.
ახალი მიდგომა ითვალისწინებს დაბალანსებულ მიდგომას წიაღის უფრო ეფექტურად გამოყენებისა, ისე, რომ მოხდეს გარემოსდაცვითი და ბევრი სხვა ასპექტის, მათ შორის, შრომის უსაფრთხოების მაქსიმალურად გათვალისწინება.
საკითხზე ერთობლივად იმუშავებენ ეკონომიკის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები.