დიმიტრი ქუმსიშვილი - 2017 წელს საქართველოში ტურიზმის შემოსავალმა ორი მილიარდ შვიდ მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა
საქართველოსთვის ტურიზმი ეკონომიკის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი სექტორია, ტურიზმმა მხოლოდ 2017 წელს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში 2 მილიარდ 7 მილიონ დოლარზე მეტი დააგენერირა, შესაბამისად ჩვენი ქვეყნის ამოცანაა მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ტურიზმის განვითარებას,” – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მადრიდში, მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს საერთაშორისო ტურისტული გამოფენის “FITUR 2018″ დათვალიერების შემდეგ, რომელშიც საქართველო მონაწილეობს.
„დღეს ტურისტულ გამოფენაზე კერძო სექტორთან ერთად წარმოდგენილი გვაქვს პრაქტიკულად ყველა ის ტურისტული პროდუქტი, რომელსაც საქართველოს სთავაზობს თავის დამსვენებლებს. აქვე შესაძლებელია 3 D ვირტუალურ სამყაროში იმოგზაუროთ საქართველოში და კიდევ უფრო მიმზიდველია ჩვენი ქვეყანა ასეთი დათვალიერების შემდეგ და რა თქმა უნდა, ტრადიციული ღვინის დეგუსტაცია, რომელიც ყველას მოსწონს, ვინც ჩვენს საგამოფენო სტენდთან მოდის,” – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ტურისტული პოტენციალი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უდიდეს ტურისტულ გამოფენაზეა წარმოდგენილი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, მადრიდის გამოფენაზე, ევროპის პავილიონში საქართველოს სპეციალური სტენდი მოეწყო.
მადრიდის გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გარდა საქართველოს რვა წამყვანი ტურისტული სააგენტოც მონაწილეობს. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი.
მადრიდის საერთაშორისო გამოფენაზე “FITUR 2018” 160 ზე მეტი ქვეყანა იყო წარმოდგენილი. ღონისძიებაში 9500 კომპანია მონაწილეობდა, საბოლოო ჯამში გამოფენას 13500-ზე მეტი სტუმარი ეწვია.