დიმიტრი ქუმსიშვილი - მნიშვნელოვანია, რომ ეთიკის ქარტიამ ელისო კილაძის მიერ ჟურნალისტური ეთიკის პრინციპის დარღვევა დაადასტურა
მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ ელისო კილაძის მიერ ჟურნალისტური ეთიკის პრინციპის დარღვევა დაადასტურა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ქარტიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმად, გაზეთ „ქრონიკა +“-ს მთავარმა რედაქტორმა, ელისო კილაძემ ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვია, რომლის მიხედვითაც ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. ჟურნალისტმა თავისი სტატიით, რომელშიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის დიმიტრი ქუმსიშვილის საწინააღმდეგო ცრუ ცნობები იყო მოცემული, ჟურნალისტური ქარტიის პირველი პრინციპი უხეშად დაარღვია.
„ელისო კილაძის მხრიდან ჩემი მისამართით არაერთხელ გაჟღერებულა სიცრუე და ცილისწამება, თუმცა ამ აბსურდულ ბრალდებებზე დროის დახარჯვა არაგონივრულად მიმაჩნდა ყოველთვის და პასუხის ღირსადაც კი არ ვთვლიდი, მაგრამ კილაძემ ყველა ზღვარს გადააბიჯა, როდესაც ჩემი მისამართით ყოვლად ბინძური და ცილისმწამებლური ბრალდებები გააჟღერა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, მიმემართა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისთვის,“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნული გადაწყვეტილების კომენტირებისას.
დიმიტრი ქუმსიშვილის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ჟურნალისტურმა გაერთიანებამ, ეთიკის ქარტიამ მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება, რითაც ხაზი გაუსვა კილაძის არაკეთილსინდისიერ ე.წ. ჟურნალისტიკას და ჟურნალისტური ეთიკის პირველი პრინციპის დარღვევა დაადასტურა.
„მადლობა მინდა გადავუხადო ქარტიის საბჭოს წევრებს. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების გარეშე საქართველოს ევროპული გზა წარმოუდგენელია. ამისთვის კი, უმნიშვნელოვანესია საქართველოში თავისუფალი, პასუხისმგებლიანი და მაღალი პროფესიული სტანდარტების მატარებელი მედიის არსებობა,“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას 5 ივნისს მიმართა. ელისო კილაძემ გაზეთ „ქრონიკა +-ში” 5 ივნისს გამოაქვეყნა სტატია სათაურით „კორუფცია VS მართლმსაჯულება“ დაიჭერენ თუ არა დიმიტრი ქუმსიშვილს და ზურაბ ალავიძეს?“ ასევე, სტატიის ერთ-ერთი ეპიზოდი ეხება თბილისში, 2017 წლის დეკემბერში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დიმიტრი ქუმსიშვილის დაკავშირებას.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, გაზეთ „ქრონიკა +“-ის მთავარმა რედაქტორმა, ელისო კილაძემ ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვია.