დიმიტრი ქუმსიშვილი ლევან ყიფიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვს
საქართველოს ფინანსთა ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სპორტის ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვს. შესაბამისი მოთხოვნით განცხადება ქუმსიშვილის ადვოკატმა, დიმიტრი გაბუნიამ მთავარ პროკურატურაში შეიტანა.
ადვოკატმა განმარტა, რომ მედიაში გავრცელებულ ჩანაწერებს ქუმსიშვილი ემიჯნება და აცხადებს, რომ მზად არის, საგამოძიებო უწყებას ჩვენება დაუყოვნებლივ მისცეს.
„ლევან ყიფიანის მიმართ დიმიტრი ქუმსიშვილი გამოძიებას ითხოვს. კონკრეტულად ერთ აუდიოჩანაწერში ყიფიანი, ბუნებრივია, თუ ეს ჩანაწერები ავთენტურია, ახსენებს ქუმსიშვილის სახელს და გვარს და თითქოს, მასთან შეთანხმებით, სთხოვს „ომეგა ჯგუფს“ კონკრეტულ გარიგებას. დიმიტრი ქუმსიშვილის პოზიცია შემდეგია: სამართლებრივ ბრძოლას ვიწყებთ და მოვითხოვთ პროკურატურისგან, დაუყოვნებლივ იქნას დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნა, თუ დადასტურდა ავთენტურობა“, – აღნიშნა დიმიტრი გაბუნიამ.
მისივე თქმით, დიმიტრი ქუმსიშვილი მზად არის, ხვალვე მისცეს ჩვენება.
„ქუმსიშვილი მსგავს ფაქტს ემიჯნება. ასეთი რამ არ მომხდარა. დღეს გავრცელდა ჩანაწერი, სადაც მისი სახელი ასევეა ნახსენები. ეს ადასტურებს, რომ ქუმსიშვილი ვიღაცას ხელს უშლიდა და შესაძლო კორუფციული გარიგებები ვერ განხორციელდა. გამოძიება დაადგენს ამას. ის მზადაა, ითანამშრომლოს. მზად ვართ, ლონდონის სასამართლოშიც გავემგზავროთ, თუ საჭირო გახდა და მივცეთ ჩვენებები. დიმიტრი ქუმსიშვილის სახელი და გვარი არაერთ ეპიზოდში ბინძურად არის გამოყენებული. როგორ რანაირად დაიგეგმა, ამაზე თავს შევიკავებთ“, – განაცხადა დიმიტრი გაბუნიამ.