დიმიტრი ქუმსიშვილი - გუდაურში დაშავებულების ოჯახებთან მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს
გუდაურში დაშავებულების ოჯახებთან მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს, ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.
გარდა ამისა, როგორც მინისტრმა აღნიშნა, თითოეულ ოჯახთან საკომუნიკაციოდ მიმაგრებულია ერთი ადამიანი, რათა მათი ყველანაირი საჭიროება დაკმაყოფილდეს.
„უკრაინის მოქალაქეს, რომელიც ყველაზე მძიმედ იყო, ოპერაცია უტარდება. დაშავებულების ოჯახის წევრებთან გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია, ყველა მათგანის ოჯახთან მიმაგრებულია ადამიანი იმისთვის, რომ მათ ზრუნვა არ მოაკლდეთ, გაეწიოთ საჭირო დახმარება და ასევე იმისთვის, რომ დაშავებულების მდგომარეობა მალე გამოკეთდეს“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, გამოძიების პროცესში დამოუკიდებელი ევროპელი ექსპერტებიც ჩაერთვებიან.
„უნდა ჩატარდეს გამოძიება, ჩვენ ვესაუბრებით დამოუკიდებელ ევროპელ ექსპერტებს, იმისთვის რომ არ მოხდეს გადაბრალება მწარმოებელ კომპანიასა და ოპერატორ კომპანიას შორის. ჩვენ შევარჩევთ მაღალი რეპუტაციის მქონე ერთ ან ორ ექსპერტულ კომპანიას, რომელსაც პროკურატურა ჩართავს აღნიშნულ პროცესში. ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება, უმკაცრესად დაისჯება.
ზოგადად, საბაგიროების შემოწმება ტარდება მუდმივად, ამას აქვს ჩვეულებრივი გრაფიკი, დანარჩენი კურორტი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ დაზარალებულების ჯანმრთელობა გაუმჯობესდეს და საქართველოს ტურისტულ სეზონს არ შეექმნას დაბრკოლებები“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
გუდაურში მომხდარი შემთხვევის დროს 11 ადამიანი დაშავდა.
დაშავებულებს შორის არიან რუსეთის, უკრაინის, შვედეთისა და საქართველოს მოქალაქეები.
წინასწარი ინფორმაციით, გუდაურში საბაგიროს დაზიანება მუხრუჭის მწყობრიდან გამოსვლამ გამოიწვია.
გუდაურში საბაგიროს დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.