დიმიტრი ქუმსიშვილი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვდა
ესპანეთის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ოფისში გენერალურ მდივანს ზურაბ პოლოლიკაშვილს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასა და საქართველოს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრას ასევე დაესწრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე.
„შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მიულოცა ზურაბ პოლოლიკაშვილს გაეროს ესოდენ მნიშვნელოვანი ორგანიზაციის ხელმძღვანელად არჩევა და წარმატებები უსურვა. მან ასევე დიდი მნიშვნელობა მიანიჭა საქართველოს თანამშრომლობას გაეროს მსოფლიო ტურისტულ ორგანიზაციასთან და იმედი გამოთქვა, რომ სამომავლოდ აღნიშნული ურთიერთობები კიდევ უფრო განვითარდება.
შეხვედრაზე ასევე საუბარი წარიმართა გასულ წლებში გაეროს ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდით ჩატარებულ აქტივობებზე საქართველოში, მათ შორის, ღვინის ტურიზმისა და მთის კურორტების განვითარების კონფერენციებზე. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, ის ფაქტი, რომ ამ ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი გახდა, დიდი სტიმულია ახალი პროექტებისთვის, რომელსაც საქართველო ამ ორგანიზაციასთან ერთად განავითარებს.
ზურაბ პოლოლიკაშვილი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ახალი გენერალური მდივნის რანგში მუშაობას ოფიციალურად უკვე შეუდგა. მისი პრიორიტეტები იქნება უსაფრთხოება, ტურისტულ ინდუსტრიაში ინვესტიციების მოზიდვადა ტურიზმის განვითარების მიზნით ქვეყნებისა და კურორტებისთვის ინდივიდუალური რეკომენდაციების გაცემა. ასევე განსაკუთრებულიყურადღება გამახვილდება ინოვაციებსა და მოგზაურობის ონლაინ-ბაზარზე.
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ესპანეთის სამეფოში ვიზიტით იმყოფება, რომლის დროსაც მან მან მადრიდის ტურისტულ გამოფენაში “FITUR 2018” საქართველოს ტურისტული პავილიონი დაათვალიერა. აღნიშნული გამოფენა მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესია“, – აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.