ზურაბ პოლოლიკაშვილი - 2024 წელს მსოფლიო ტურიზმის დღის მასპინძლობით საქართველო მთელი მსოფლიოს წინაშე წარდგება
ზურაბ პოლოლიკაშვილი - 2024 წელს მსოფლიო ტურიზმის დღის მასპინძლობით საქართველო მთელი მსოფლიოს წინაშე წარდგება

„მშვიდობა და ტურიზმი“ – ეს იქნება 2024 წელს მსოფლიო ტურიზმის დღის მთავარი თემა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ღონისძიება საქართველოში გაიმართება. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა და ვფიქრობ, განსაკუთრებული დღესასწაული შეგვიძლია, მოვუწყოთ საქართველოს, მის ტურიზმის სექტორს, – ამის შესახებ გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა ბულგარეთში, ქალაქ სოფიაში გამართული კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც 38-მა ქვეყანამ 2024 წელს მსოფლიო ტურიზმის დღის საქართველოში ჩატარებას მხარი ერთხმად დაუჭირა.

ზურაბ პოლოლიკაშვილის შეფასებით, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, ძალიან მაღალ დონეზე ჩაატაროს აღნიშნული ღონისძიება და წარდგეს არა მხოლოდ კონკრეტულ მიზნობრივ ბაზრებზე, არამედ მთელი მსოფლიოს წინაშე.

„30 წელზე მეტია, რაც აღინიშნება მსოფლიო ტურიზმის დღე და ის ყოველწლიურად სხვადასხვა კონტინენტზე იმართება. შემდეგი ჯერი იყო ევროპის და ევროპის კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, მომდევნო მსოფლიო ტურიზმის დღე აღინიშნოს საქართველოში. მსოფლიო ტურიზმის დღის მასპინძლობით საქართველო მთელი მსოფლიოს წინაშე წარდგება. ეს არის ძალიან მასშტაბური ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობენ საკმაოდ დიდი დელეგაციები მსოფლიოს ქვეყნებიდან. მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას ამ დიდი პასუხისმგებლობის აღებისა და ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივისთვის“, – აღნიშნა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.

ბულგარეთში გამართულ გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის კომისიის 68-ე სხდომაში ქართული მხრიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე თამარ ყორიაული მონაწილეობდნენ. კომისიის წევრები ევროპის 38 ქვეყნის ტურიზმის მინისტრები და ტურიზმის სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელები არიან, რომლებმაც საქართველოს დელეგაციის ინიციატივას მხარი ერთხმად დაუჭირეს.

ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტოს პრესსამსახური ავრცელებს.