დიმიტრი ქუმსიშვილი - ენგურჰესის ავარიის სერიოზულობაზე ინფორმაცია დღის მეორე ნახევარში გვექნება
დიმიტრი ქუმსიშვილი - ენგურჰესის ავარიის სერიოზულობაზე ინფორმაცია დღის მეორე ნახევარში გვექნება

ენგურჰესზე მომხდარი ავარიის სერიოზულობაზე დეტალები დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილიმა განაცხადა.

„წყალი შესულია გენერაციის გარკვეულ სექტორებში. შესაბამისად, მთელი ღამის განმავლობაში წყლის ამოტუმბვა მიმდინარეობდა. ამის შემდეგ ჩვენ შევძლებთ პასუხი გავცეთ, თუ რამხელაა ზარალი და რა პერიოდი დასჭირდება მთლიანად სისტემის აღდგენას“, – განაცხადა მინისტრმა.

ქუმსიშვილის თქმით, ქვეყნის სტაბილური ენერგომომარაგების აღსადგენად გუშინ გამოყენებულ იქნა სარეზერვო სიმძლავრეები და მეზობელი ქვეყნებიდან იმპორტი.

რაც შეეხება ოკუპირებული აფხაზეთის ენერგომომარაგებას, მისი განცხადებით, დღის მეორე ნახევარში დაზუსტდება ენერგომარაგების უზრუნველყოფა რუსეთის დახმარებით მოხდება თუ სხვა წყაროს საშუალებით.

ენგურჰესის დაზიანების გამო, თბილისსა და რეგიონებში გუშინ საღამოს ენერგომომარაგების მხრივ პრობლემები შეიქმნა. საქართველოს სახელმწიფო ელექტოსისტემის ინფორმაციით,  გუშინ, 20:11 საათზე, ავარიულად გამოირთო ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგური, რამაც გამოიწვია ენერგოსისტემაში ელექტროენერგიის დეფიციტი, რის გამოც ქვეყნის რამდენიმე რეგიონსა და თბილისის ნაწილს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება.