საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი დღეს ისრაელის სახელმწიფოს ეწვია.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი მონაწილეობას მიიღებს ისრაელის მწარმოებელთა ასოციაციაში დაგეგმილი მრგვალი მაგიდის მუშაობაში, რომელსაც მსხვილი კომპანიების ხელმძღვანელები დაესწრებიან. ისინი საფინანსო, ინოვაციური ტექნოლოგიების, მობილური კომუნიკაციების, ტრანსპორტის, უძრავი ქონებისა და ბიზნესის სხვა სექტორებს წარმოადგენენ. მრგვალი მაგიდის მსვლელობისას დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოს ეკონომიკური ტენდენციების, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმებისა და ქვეყნის ბიზნეს და საინვესტიციო კლიმატის შესახებ მოხსენებას გააკეთებს.
ამასთან, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი ისრაელის ეკონომიკისა და მრეწველობის მინისტრ ელი კოენს შეხვდება.
ვიზიტის ფარგლებში, დიმიტრი ქუმსიშვილი შეხვედრას გამართავს ქალაქ იეჰუდაში კომპანია “ELBIT”-ის ხელმძღვანელ პირებთან, რომლის დროსაც საქართველოს შესახებ აღნიშნული კომპანიის ახალი პროექტის პრეზენტაცია მოეწყობა.
საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც დიმიტრი ქუმსიშვილი ხელმძღვანელობს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძე, სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დირექტორი, გიორგი ზვიადაძე და საქართველოს საპარტნიორო ფონდის გენერალური დირექტორი, დავით საგანელიძე შედიან.