დიმიტრი ქუმსიშვილი - ბიზნესსექტორის ბრუნვა 18,6 პროცენტით გაიზარდა, სამუშაო ადგილების რაოდენობა კი, 5,3 პროცენტით
2018 წლის პირველ კვარტალში, ბიზნესსექტორის ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 18,6 პროცენტით გაიზარდა და ჯამურად 18 მილიარდი ლარი შეადგინა, – ამის შესახებ ბიზნესსექტორის სტატისტიკასთან დაკავშირებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკა და მისი მდგრადობა არის დამყარებული კერძო სექტორის განვითარებაზე, იმაზე თუ რამდენად სწრაფად და ეფექტურად ვითარდება კერძო სექტორი.
„2018 წლის პირველ კვარტალში, ბიზნესსექტორის ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაზრდილია 18,6 პროცენტით და ჯამურად 18 მილიარდი ლარი შეადგინა. აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაზრდილი არის მცირე და საშუალო საწარმოების ბრუნვა 20 პროცენტით, მათ შორის საშუალო საწარმოების ბრუნვა 20,5 პროცენტით გაიზარდა, ხოლო მცირე ზომის საწარმოების ბრუნვა 19,6 პროცენტით, მაშინ, როდესაც მსხვილი საწარმოების ბრუნვა გაზრდილია 17,1 პროცენტით“, – განაცხადა მინისტრმა.
მისი შეფასებით, ასევე კარგი მაჩვენებელია მცირე და საშუალო საწარმოების ზრდის კუთხით.
„საშუალო საწარმოების ზრდა გვაქვს 17,7 პროცენტი, მცირე – 16,5 პროცენტი, ხოლო მსხვილი საწარმოების ზრდა – 14,6 პროცენტი“, – განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, ეს აისახა დასაქმებაზე და 2018 წლის პირველ კვარტალში სამუშაო ადგილების რაოდენობა 5,3 პროცენტით გაიზარდა.
„უნდა ეს უნდა ასახულიყო და აისახა კიდეც დასაქმებაზე. 2018 წლის პირველ კვარტალში სამუშაო ადგილების რაოდენობა 5,3 პროცენტით გაიზარდა, მათ შორის დაქირავებული სამუშაო ადგილების რაოდენობა გაიზარდა 5,7 პროცენტით და შესაბამისად, შეადგინა 637 000 სამუშაო ადგილი და 603 000 დასაქმებული“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ამასთან, მინისტრის თქმით, მზარდი ტენდენცია ნარჩუნდება ბიზნესსექტორში დასაქმებულთა საშუალო ხელფასის თვალსაზრისით.
„2017 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, 8 პროცენტით არის გაზრდილი საშუალო ხელფასი თვეში ბიზნესსექტორში დასაქმებულებისთვის და 1106 ლარს შეადგენს“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.