კახა კალაძე - მოვუწოდებ ბიზნესსექტორს, დაიცვან ნორმები და ხმაურის დასაშვებ ზღვარს არ გადააჭარბონ, ბიზნესს ყველანაირად ხელს ვუწყობთ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს მოსახლეობა, მათზეც უნდა ვიზრუნოთ
კახა კალაძე - მოვუწოდებ ბიზნესსექტორს, დაიცვან ნორმები და ხმაურის დასაშვებ ზღვარს არ გადააჭარბონ, ბიზნესს ყველანაირად ხელს ვუწყობთ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს მოსახლეობა, მათზეც უნდა ვიზრუნოთ

მინდა, ვთხოვო და მოვუწოდო ბიზნესსექტორს, დაიცვან ნორმები და ხმაურის დასაშვებ ზღვარს არ გადააჭარბონ. ბიზნესს ყველანაირად ხელს ვუწყობთ, ვეხმარებით, მაგრამ ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს მოსახლეობა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კახა კალაძემ მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს დაავალა, აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით აქტიური მოქმედებები დაიწყონ.

„ტურისტული სეზონის გააქტიურებასთან ერთად, მინდა, შევეხო საკითხს, რომელიც ჩვენი მოსახლეობისთვის საკმაოდ დისკომფორტის შემქმნელია. ეს არის ხმაურის დონე კერძო თუ საზოგადოებრივ სივრცეებში, რაც რიგ შემთხვევებში გამოიხატება ხმაურის დასაშვები დონის გადამეტებაში. ეს გარკვეულ პრობლემას წარმოადგენს ადამიანებისთვის. კანონმდებლობის მიხედვით, საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებულ შენობაში, საზოგადოებრივ თუ საჯარო დაწესებულებაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება აკრძალულია. დასაშვები ნორმების გადამეტებისთვის დადგენილია შესაბამისი ზომის სანქციები, ფულადი ჯარიმები როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის. არსებული რეგულაციების მიხედვით, რიგ ადგილებში არსებულ ობიექტებზე დილის რვა საათიდან ღამის 23:00 საათამდე ხმაურის გარკვეული დონის დაშვება მოქმედებს, ხოლო ღამის 23:00 საათიდან დილის რვა საათამდე საერთოდ აკრძალულია ხმაური ან უფრო დაბალი დონითაა დაშვებული.

რაც შეეხება დედაქალაქში არსებულ რესტორნებს, კაფე-ბარებს, კაფეებს, ობიექტებზე ხმაურის დასაშვები დონე დღე-ღამის ყველა მონაკვეთში არის ერთნაირად შეზღუდული და ის არ უნდა აღემატებოდეს 50 დეციბალს. ამდენად, მინდა, ვთხოვო და მოვუწოდო ბიზნესსექტორს, ვინც ამ რეგულაციებს ექვემდებარება, დაიცვან არსებული ნორმები და არ გადააჭარბონ ხმაურის დასაშვებ ზღვარს.

აქვე, მინდა, დავავალო მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს, ლაშა მაჭავარიანს, თქვენს უწყებასთან ერთად დაიწყოთ აქტიური მოქმედებები აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით, რათა ეს მიმართულება იყოს მოწესრიგებული და ადამიანები არ შეწუხდნენ. არის შემთხვევები, როცა კაფეებში, ბარებში გვიანობამდე მუსიკა ხმამაღლაა ჩართული. ამიტომ ჩემი თხოვნა იქნება, ამ მიმართულებით გავამკაცროთ მიდგომები და ყურადღება დავუთმოთ აღნიშნული საკითხის მოწესრიგებას. რა თქმა უნდა, ბიზნესს ყველანაირად ხელს ვუწყობთ, ვეხმარებით, ეს მიდგომა-დამოკიდებულება მომავალშიც გაგრძელდება, მაგრამ ასევ არ უნდა დაგვავიწყდეს მოსახლეობა, უნდა ვიზრუნოთ მათზეც. ჩემი თხოვნა იქნება, ეს ყველაფერი დავარეგულიროთ და პრობლემა არ შევუქმნათ ადგილობრივ მოსახლეობას“, – განაცხადა კალაძემ.