საქსტატი - მესამე კვარტალში ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობა ხუთი პროცენტით, ხოლო საშუალო თვიური ხელფასი 150 ლარით გაიზარდა
საქსტატი - მესამე კვარტალში ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობა ხუთი პროცენტით, ხოლო საშუალო თვიური ხელფასი 150 ლარით გაიზარდა

2021 წლის მესამე კვარტალში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 678.0 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 5.0 პროცენტით მეტია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 42.4 პროცენტი ქალია, ხოლო 57.6 პროცენტი – კაცი. ინფორმაციას საწარმოთა საქმიანობის შესახებ საქსტატი აქვეყნებს.

უწყების მონაცემებით, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 39.6 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 22.6 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 37.8 პროცენტი – მცირე ბიზნესზე. დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 647.3 ათასი კაცი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით – 6.0 პროცენტით მეტია. საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე – 2 894.1 მლნ. ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდს 18.7 პროცენტით აღემატება.

ამასთან, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1 455.5 ლარს გაუტოლდა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 149.7 ლარითაა გაზრდილი. მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა – 1 143.6 ლარი. აღნიშნული მაჩვენებელი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 145.2 ლარითაა გაზრდილი. რაც შეეხება საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიურ ხელფასს, შემდეგნაირადაა გადანაწილებული: მსხვილი ბიზნესი – 1 484.2 ლარი; საშუალო ბიზნესი – 1 703.8 ლარი; მცირე ბიზნესი – 1 253.7 ლარი.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი – 36.5 პროცენტი მოდის ვაჭრობის დარგზე. მეორე ადგილზეა ხელოვნება, გართობა და დასვენება 32.4 პროცენტიანი წილით, შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა – 9.9 პროცენტიანი წილით, მშენებლობა – 5.8 პროცენტიანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება – 4.2 პროცენტიანი წილით, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება – 2.9 პროცენტიანი წილით, ხოლო დარჩენილი 8.3 პროცენტი კი სხვა დარგებზე ნაწილდება. ამავე პერიოდში ბიზნესსექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ და მეორე ადგილებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა და ვაჭრობა, შემდეგ მოდის მშენებლობა და ტრანსპორტი და დასაწყობება – 8.3 პროცენტიანი წილით, ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში 31.4 პროცენტიანი წილი უჭირავს.

საქსტატის ცნობით, 2021 წლის მესამე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნესსექტორში ვაჭრობის, დამამუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგები ლიდერობენ. თუმცა სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის მშენებლობის, ტრანსპორტისა და დასაწყობების და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების დარგის საწარმოებზეც.