დიმიტრი ქუმსიშვილი - „ბადაგონის“ ბრალდებები აბსურდული და არასერიოზულია
დიმიტრი ქუმსიშვილი - „ბადაგონის“ ბრალდებები აბსურდული და არასერიოზულია

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი კომპანია „ბადაგონში“ მის ინტერესებთან დაკავშირებით გამოთქმულ ბრალდებებს აბსურდულსა და არასერიოზულს უწოდებს.

როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დარწმუნებულია, რომ საგამოძიებო უწყებებს სიმართლის დადგენის მიმართულებით მსგავსი ქმედებები ხელს ვერ შეუშლის.

„ჩემს მიმართ გამოთქმული ფრაზები არის აბსურდული და არასერიოზული. ამ ფრაზების შინაარსი მდგომარეობს იმაში, რომ იმ პერიოდში, როდესაც ვიყავი ფინანსთა მინისტრი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში შევიდა განცხადება, რაც თქმა უნდა,  არის აბსოლუტურად არასერიოზული. მე მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ. რაც შეეხება ფრაზებს მთავრობასთან მიმართებაში, ანალოგიური დამოკიდებულება მაქვს. ჩვენ ვართ მთავრობა, რომელმაც ამ ქვეყანაში საკუთრების უფლებას დაუბრუნა ფასი და ბიზნესს მისცა თავისუფლება. რაც შეეხება, დისკრედიტაციის მცდელობასა და შანტაჟს, მე ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული, რომ საგამოძიებო უწყებებს სიმართლის დადგენის მიმართულებით ასეთი ქმედებები ხელს ვერ შეუშლის“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

კომპანია „ბადაგონის“ ადვოკატის ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, ფინანსური პოლიცია ურცხვად ტყუის, როცა ამბობს, რომ კომპანიაში საწარმო პროცესი არ ჩავარდნილა.

მისი თქმით, “ბადაგონის” მიმართ ინტერესი იკვეთება როგორც დავით ბეჟუაშვილის, ასევე დიმიტრი ქუმსიშვილის მხრიდან”, – განაცხადა ადვოკატმა.