დიმიტრი ქუმსიშვილი - აპრილში 6.5 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, რაც 2014 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია
წინასწარი შეფასებით, 2018 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6.5 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, – ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.
ეკონომიკის მინისტრმა „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებსა და ეკონომიკურ ზრდაზე დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
„ეს არის ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, ასეთი მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი როგორც ყოველთვიურ, ისე კვარტალურ ჭრილში, 2014 წლის შემდგომ არ დაფიქსირებულა“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე ისაუბრა მშპ-ს ზრდის დინამიკაზე 2018 წლის პირველ ოთხ თვეში. კერძოდ, იანვარში ზრდამ 4.4 პროცენტი შეადგინა, თებერვალში – 5.5 პროცენტი, მარტში – 5.6 პროცენტი, ხოლო აპრილში ამ მაჩვენებელმა 6.5 პროცენტს მიაღწია.
რაც შეეხება კვარტალურ მაჩვენებლებს – პირველი კვარტლის საშუალო ზრდა 5.2 პროცენტს, ხოლო იანვარ-აპრილის საშუალო ზრდა 5.5 პროცენტს შეადგენს.
როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 2018 წლის აპრილში 15 პროცენტით არის გაზრდილი საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოთა ბრუნვა გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით.
„მხოლოდ აპრილის თვეში 4 037 ახალი საწარმო დარეგისტრირდა, რაც 9.3 პროცენტით აღემატება 2017 წლის აპრილის მაჩვენებელს. ეს ნათლად მიუთითებს, რომ ზრდის მამოძრავებელი კერძო სექტორია, რაც ერთმნიშვნელოვნად დადებითი ფაქტია“, – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე გავლენა რამდენიმე სექტორმა იქონია: მნიშვნელოვნად გაიზარდა მომსახურების ექსპორტი და შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან – აპრილში ტურიზმიდან შემოსავლები წლიურად 27.5 პროცენტით (51.6 მლნ. აშშ დოლარით) გაიზარდა და 238.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების წვლილმა ეკონომიკურ ზრდაში დაახლოებით 3.8 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ამასთან, აპრილის თვეში 16.7 პროცენტით გაიზარდა წმინდა ფულადი გზავნილების მაჩვენებელი და მისმა მოცულობამ 105.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც დადებითად აისახება ეკონომიკურ ზრდაზე.
„საქართველოს მთავრობა აგრძელებს რეფორმებს, რომლებიც მიმართულია ეკონომიკური ზრდისკენ. ცოტა ხნის წინ დავაანონსეთ ახალი რეფორმები, მათ შორის, საკრედიტო – საგარანტიო ფონდის შექმნასთან მიმართებაში, რომელიც უნდა ემსახურებოდეს მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისებას ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიმართულებით და დარწმუნებული ვარ, ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ძალიან კარგ შედეგებს მივაღწევთ“, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.