დიმიტრი ქუმსიშვილი - 2017 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ნიშნული, მშპ-ის 8.7 პროცენტი შეადგინა
საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა სავალუტო ფონდის მისიასთან დასკვნითი შეხვედრის შემდეგ ეკონომიკური ზრდის მთავარ ფაქტორებზე ისაუბრა.
„2017 წელს ჩვენ ხუთ პროცენტიანი ეკონომიკური ზრდით დავასრულეთ, რაც მნიშვნელოვნად აღემატება პროგრამის დაწყების პერიოდისათვის არსებულ პროგნოზებს“, – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
სავალუტო ფონდის მისია საქართველოში ორი კვირის განმავლობაში შეხვედრებს მართავდა საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის წარმომადგენლებთან “გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით” საქართველოში მიმდინარე პროგრამის მეორე მიმოხილვის ფარგლებში.
პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, ეკონომიკურ ზრდაში წარმმართველ როლს კერძო სექტორი ასრულებს. ბიზნესმა 2017 წლის განმავლობაში 39 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შექმნა. იმავე პერიოდში ბრუნვები კერძო სექტორში წლიურად 19 პროცენტით გაიზარდა.
ამასთან, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მაღალ ეკონომიკურ ზრდასთან ერთად იზრდება საგარეო შოკებისადმი მდგრადობა და მცირდება საგარეო მოწყვლადობა.
„აღნიშნული შეფასების გაკეთების საშუალებას გვაძლევს მიმდინარე ანგარიშის ბალანსის პოზიტიური დინამიკა. 2017 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია და მთლიანი შიდა პროდუქტის 8.7 პროცენტი შეადგინა“, – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.