სსფ - ეროვნული ბანკის საზედამხედველო ღონისძიებები შეესაბამება მის ვალდებულებას, განამტკიცოს ფინანსური სექტორის სტაბილურობა
სსფ - ეროვნული ბანკის საზედამხედველო ღონისძიებები შეესაბამება მის ვალდებულებას, განამტკიცოს ფინანსური სექტორის სტაბილურობა

მიგვაჩნია, რომ ეროვნული ბანკის მიერ ბოლოხანს გატარებული საზედამხედველო ღონისძიებები შეესაბამება ეროვნული ბანკის ვალდებულებას განამტკიცოს ფინანსური სექტორის სტაბილურობა, – აცხადებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი მერსედეს ვერა-მარტინი.

მისიის შემაჯამებელ პრესრელიზში საუბარია ეროვნული ბანკის პოლიტიკასა და ინფლაციაზეც.

„მისასალმებელია საგარეო ბუფერების ზრდისკენ მიმართული ეროვნული ბანკის ძალისხმევა, უცხოური ვალუტის შესყიდვითა და შესყიდვის ოფციონების მეშვეობით. ფისკალური დეფიციტი გაუმჯობესდა და მშპ-ს 2.5 პროცენტი შეადგინა, თუმცა, ხარჯის დიდი ნაწილი 2018 წლის ბოლოს იქნა გაწეული, რამაც წინა თვეებში ხარჯვის ჩამორჩენა დააბალანსა. ბოლო თვეების განმავლობაში ინფლაცია ეროვნული ბანკის სამპროცენტიან სამიზნე მაჩვენებელზე დაბლა ნარჩუნდება. დაბალი ინფლაციის მოლოდინის პირობებში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაგრძო მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზაცია და პოლიტიკის განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით შეამცირა ამა წლის 30 იანვარს. საბანკო სექტორის კაპიტალიზაცია მაღალია და სექტორი მომგებიანია“, – განაცხადა მისიის ხელმძღვანელმა.