დიმიტრი პესკოვი - ვლადიმერ პუტინს აქვს ინფორმაცია ევგენი პრიგოჟინის გარშემო შექმნილ ვითარებაზე და ყველა საჭირო ზომა იქნება მიღებული
დიმიტრი პესკოვი - ვლადიმერ პუტინს აქვს ინფორმაცია ევგენი პრიგოჟინის გარშემო შექმნილ ვითარებაზე და ყველა საჭირო ზომა იქნება მიღებული

რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს აქვს ინფორმაცია „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის გარშემო შექმნილ ვითარებაზე, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

კრემლის პრესსპიკერის თქმით, ევგენი პრიგოჟინთან დაკავშირებულ ვითარებაზე ყველა საჭირო ზომა იქნება მიღებული.

ცნობისთვის, „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის პრესსამსახურმა ტელეგრამარხში გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომელშიც პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო „ვაგნერის“ სამხედრო ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა. როგორც მან აღნიშნა, ამას მათი მხრიდან საპასუხო მოქმედებები მოჰყვება. „ვაპირებ, შევაჩერო ბოროტება, რომელსაც ატარებს რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა. გავანადგურებ ნებისმიერ თვითმფრინავს და ყველა ბლოკპოსტს, რომელიც გზაზე გადამეღობება“, – განაცხადა „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა.

პრიგოჟინის ბრალდება უარყო რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია: „ინფორმაცია კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ბანაკებზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მხრიდან „დარტყმის“ შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება“.

ამასთან, სამხედრო ამბოხებისკენ მოწოდების ბრალდებით, რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.