დიმიტრი პესკოვი - ნორმანდიული ფორმატი უკრაინის კონფლიქტისთვის შეიქმნა, საქართველოს შემთხვევაში კი საუბარია რუსეთ-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებზე
პრობლემების სტრუქტურა განსხვავებულია, ამიტომ თითოეულ სტრუქტურას თავისი ფორმატი უნდა ჰქონდეს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივაზე საპასუხოდ განაცხადა.
დიმიტრი პესკოვის თქმით, ნორმანდიული ფორმატი უნიკალურია და ის უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში კონფლიქტის დარეგულირების აუცილებლობისთვის შეიქმნა, რაც უკრაინის შიდა კონფლიქტია. რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადებით, საქართველოსთან მიმართებით საუბარია რუსეთსა და საქართველოს შორის ორმხრივ ურთიერთობებზე.
„აქ ვსაუბრობთ რუსეთსა და საქართველოს შორის ორმხრივ ურთიერთობებზე, რომელიც ახლა სულ მცირე, უკეთესის სურვილს ტოვებს. ეს გაუარესება, როგორც ვიცით, გამოწვეული იყო იმდროინდელი საქართველოს ხელმძღვანელობის ძალიან არამეგობრული პოლიტიკითა და აგრესიული ქმედებებით“, – განაცხადა პესკოვმა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ ჟენევის ფორმატსა და რუსეთთან ურთიერთობის საკითხებზე საუბრისას განაცხადა, რომ არაფრის მომცემია რუსეთთან ურთიერთობის ტექნიკური ფორმატები, დიალოგი და მოლაპარაკებები არ ნიშნავს დათმობას. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა: „დასავლელ პარტნიორებს უნდა ვეუბნებოდეთ, რომ გვჭირდება ნორმანდიული ფორმატის მსგავსი ფორმატები“.