დიმიტრი ხუნდაძე - ვემზადებით პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩასაგდებად
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს იმაზე მეტი ადამიანი არ უჭერს მხარს, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია.
როგორც ხუნდაძემ ჟურნალისტებს პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ოფისთან, უმრავლესობის სხდომის შემდეგ განუცხადა, აგრძელებს ბრძოლას, რომ ცვლილებების მოწინააღმდეგეთა რაოდენობა გაიზარდოს.
„არის იმაზე უფრო მეტი მხარდამჭერი, რომ ეს პროექტი არ გავიდეს, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია და ვიდრე წარმოუდგენია იმ უმრავალესობას, რომლის სხდომაზეც ვიყავით. ვაგრძელებ ბრძოლას, რომ მხარდამჭერთა რაოდენობა იყოს იმაზე მეტი, ვიდრე არის დღეს, რათა სწორი პოლიტიკური ცხოვრება გავაგრძელოთ და ქვეყანას საფრთხეები და რყევები ავაცილოთ“,- აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.
ამასთან, კითხვაზე საპასუხოდ დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით ცვლილებების ჩასაგდებად ემზადებიან.
მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე ითხოვდა, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის კანონპროექტის განხილვამდე უმრავლესობის სხდომა გამართულიყო.
პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა პარლამენტში დღეს გაგრძელდება.
პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა პლენარულ სესიაზე გუშინ დაიწყო. მიმდინარე სასესიო კვირის დღის წესრიგში ორი პროექტი იყო. ერთი მმართველი გუნდის, ხოლო მეორე ოპოზიციის მიერ მომზადებული. ოპოზიციის მიერ მომზადებული კანონპროექტით გათვალისწინებული იყო არჩევნების ჩატარება სამპროცენტიანი ბარიერის პირობებში, ასევე დაშვებული იყო საარჩევნო ბლოკებად გაერთიანება. უმრავლესობის მიერ მომზადებული ცვლილებები კი, 2020 საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს. კერძოდ, პროექტის თანახმად, პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად, პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 150-ზე გამრავლდება და არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე გაიყოფა. ცვლილებების მიხედვით, არჩევნები ნულოვანი, ე.წ. ბუნებრივი ბარიერის პირობებში ჩატარდება.
პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი გუშინ პარლამენტში კენჭისყრაზე ჩავარდა.