დიმიტრი ხუნდაძე უმრავლესობის სხდომის მოწვევას ითხოვს, რასაც მამუკა მდინარაძე არ ეთანხმება
დიმიტრი ხუნდაძე უმრავლესობის სხდომის მოწვევას ითხოვს, რასაც მამუკა მდინარაძე არ ეთანხმება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე ითხოვს, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის კანონპროექტის განხილვამდე უმრავლესობის სხდომა გაიმართოს.

ხუნდაძის თქმით, უმრავლესობის სხდომაზე არსებულ კითხვებს პასუხები უნდა გაეცეს.

„ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე ვდგავართ, დღეს უნდა გადავწყვიტოთ  ბედი, თუ როგორი პოლიტიკური ცხოვრებით უნდა იცხოვროს ქვეყანამ. ეს არ არის კანონი, ვინ შევა პარლამენტში და ვინ არა, აქ არის საკითხი იმდაგვარი, თუ რა პოლიტიკური ცხოვრებით იცხოვრებს ჩვენი ქვეყანა. ჩვენ მაჟორიტარებს და კონკრეტულად მე, მქონდა კომპრომისული დამოკიდებულება გუნდთან შეთანხმებით. კითხვები მქონდა, ახლა უფრო მეტი მაქვს. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, მე ამ კითხვებზე უფრო ნაკლებად მაქვს პასუხები და არ ვარ დარწმუნებული, ჩემი კომპრომისული გადაწყვეტილება იქნა  მართებული, არ იქნება სახიფათო ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისა და მომავალი განვითარებისთვის. ამიტომ, გთხოვთ, მაქვს ამის უფლება, რომ მოვიწვიოთ უმრავლესობის სხდომა და იმ კითხვებზე, რაც მისაღები მაქვს მე, არა მხოლოდ მე, ბევრ ჩემს კოლეგას, მივიღოთ პასუხი“, – განაცხადა ხუნდაძემ.

ხუნდაძეს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სხდომის მოწვევას არ ეთანხმება.

„ამ თემაზე უკვე იყო ერთხელ უმრავლესობის სხდომა და გადაწყვეტილებაც მიღებულია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამის შემდეგ დიმიტრი ხუნდაძემ კიდევ ერთი განცხადება გააკეთა და საპარლამენტი უმრავლესობის წევრებს მიმართა:

„თქვენ მომეცით პირობა, რომ თუ დათქმულ დროზე ადრე გადავიდოდით პროპორციულ სისტემაზე, ეს იქნებოდა სტაბილურობის გარანტი. ჩვენ მივიღეთ სამთვიანი არეული ქუჩა, ჩვენ მივიღეთ პატრიარქზე თავდასხმა, ჩვენ აქ ვღებულობთ მხოლოდ და მხოლოდ შეურაცხყოფას, ამიტომ ვითხოვ უმრავლესობის სხდომის მოწვევას“,-აღნიშნა ხუნდაძემ.

ოპოზიციის მიერ მომზადებული კონსტიტუციის პროექტი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით კენჭისყრაზე ჩავარდა.  დღესვე იგეგმება მმართველი გუნდის პროექტის განხილვაც.