დიმიტრი ხაჩიძე - მოსამართლეთა დანიშვნის, დისციპლინური დევნის დაწყებისა და სასამართლოსადმი ნდობის საკითხები გამოწვევად რჩება
საქართველოში მოსამართლეთა დანიშვნის, დისციპლინური დევნის დაწყებისა და სასამართლოსადმი ნდობის საკითხი კვლავ პრობლემად რჩება, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ წარმომადგენელმა დიმიტრი ხაჩიძემ განაცხადა.
„კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებმა დღეს მართლმსაჯულების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გამართეს, სადაც სასამართლოს დამოუკიდებლობის 10 წლიანი მუშაობის შეფასების ერთობლივი ანგარიში წარადგინეს.
დოკუმენტის ავტორების განცხადებით, ანგარიშში შეფასებულია 2007-2017 წლებში სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით არსებული ვითარება. დიმიტრი ხაჩიძის განცხადებით, დოკუმენტი, რომელშიც არსებულ გამოწვევებსა და ხარვეზებზეა საუბარი, პირველი პრეზენტაციის დროს, გასული წლის დეკემბერში იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გაეგზავნა, თუმცა, მასში დასმული საკითხები კვლავ პრობლემად რჩება.
მისი თქმით, კვლავ გამოწვევად რჩება მოსამართლეთა დანიშვნის საკითხი, ასევე, დისციპლინური დევნის დაწყება და ამასთან დაკავშირებული პროცედურები.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, დავით ასათიანის თქმით, არსებულ გამოწვევებს შორის კვლავ არის სასამართლოს ნდობის საკითხი.
ამასთან, როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ერთობლივი მუშაობის პროცესში გასულ წლებში პასუხისგებაში მიცემული ადვოკატების საქმეების შესწავლა გადაწყდა.