დიმიტრი გვრიტიშვილი - პრემიერს მოსამართლეებისგან განსხვავებით მეტი ბერკეტი აქვს, რომ გააკეთოს შესაბამისი შეფასება, მათ შორის პოლიტიკურიც
დიმიტრი გვრიტიშვილი - პრემიერს მოსამართლეებისგან განსხვავებით მეტი ბერკეტი აქვს, რომ გააკეთოს შესაბამისი შეფასება, მათ შორის პოლიტიკურიც

„საქართველოს პრემიერ-მინისტრი პოლიტიკოსია, მოსამართლეებისგან განსხვავებით მას უფრო მეტი ბერკეტი და არეალი აქვს იმისთვის, რომ საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით გააკეთოს შესაბამისი შეფასება, მათ შორის პოლიტიკურიც“,- ამის შესახებ განცხადება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა, პრემიერის განცხადების შეფასებისას გააკეთა, რომელიც მან იუსტიციის საბჭოს მიერ მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შემდეგ გაავრცელა და გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გარკვეულ კითხვის ნიშნებზე გააკეთა აქცენტი.

დიმიტრი გვრიტიშვილის განმარტებით, ის იზიარებს პრემიერის საპასუხოდ გაკეთებულ საბჭოს მდივნის განცხადებას, სადაც გიორგი მიქაუტაძემ გამოთქვა ვარაუდი, რომ პრემიერს საკითხზე სრულყოფილი ინფორმაცია არ ჰქონდა.

„ალბათ, პრემიერ-მინისტრმა დასვა კითხვები, რაც საზოგადოების გარკვეულ ნაწილში მუსირებდა. საბჭოს მდივანმა განცხადებას ამასთან დაკავშრებით, ვეთანხმები. შესაძლებელია ეს იყო არასრული ინფორმაციის მიწოდების შედეგი. იმიტომ რომ იმ საქმეებთან დაკავშირებით, რაზეც ხდება ამ შეკითხვების დასმა, არსებობს ასეთი ტენდენცია,რომ ორი საქმეა წამების ფაქტთან დაკავშირებით გამოკვეთილი, რაზეც ორი მოსამართლის მიმართაა შეკითხვები. ამ ორივე საქმეს აერთიანებს ის, რომ სულ სხვა საქმეები იხილებოდა.

ერთ შემთხვევაში იყო წამებული პირის მიმართ ჯაშუშობის ბრალდება და მეორე შემთხვევაში იყო სამოხელეო დანაშაულში ბრალდება. წამება ორივე შემთხვევაში განხორციელდა სასამართლოს კონტროლს მიღმა არსებულ დაწესებულებაში.

კერძოდ, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ამავე დაწესებულების მოხელეების მიერ. ანუ ესენი სასამართლოს მოხელეები არ იყვნენ და სასამართლოს კონტროლქვეშ არ შემოდიოდნენ.

მას შემდეგ, რაც ბრალდებულები სასამართლოს იურისდიქციიდან გავიდნენ, კანონგათვალისწინებული პროცედურების შემდეგ, ერთ შემთხვევაში აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შემდგომ, ხოლო მეორე შემთხვევაში კანონიერ ძალაში შესული განაჩენით, მოთავსდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მერე ხდება უკვე წამების განხორციელება.

ვაღიარებ, ეს არის ადამიანური ტრაგედია, თუმცა სასამართლოს ამ ტრაგედიაში რაიმე სახის პასუხისმგებლობა ჩვენი აზრით, არ უნდა დაეკისროს“, – განაცხადა გვრიტიშვილმა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რამდენიმე მოსამართლესთან დაკავშირებით მიღებულმა გადაწყვეტილებამ საზოგადოებაში გააჩინა კითხვები და ეს კითხვები, კვირიკაშვილის თქმით, მათ გუნდშიც არის.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 44 მოსამართლე უვადოდ გაამწესა, ექვს მოსამართლეს კი, მხარი არ დაუჭირა.

საბჭომ კენჭი უვადოდ გამწესების მსურველ 50 კანდიდატს უყარა, საიდანაც ექვსმა ხმათა საჭირო რაოდენობა ვერ მოიპოვა, ესენი არიან – ირაკლი შავაძე, მიხეილ ბებიაშვილი, ცისანა სირბილაძე, კობა გოცირიძე, ეკატერინე პართენაშვილი და დავით კეკენაძე.