საგამოძიებო კომისიაში კონსტრუქციულობა თუ გინდათ, ძალიან გთხოვთ, ასეთ შეფასებას მოერიდეთ, დროზე ადრე დასკვნებს ნუ გავაკეთებთ, მით უმეტეს, ნუ იტყვით, რომ აქ მყოფი ხალხი ვინმეს ხელს აფარებდეს, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე შემქნილი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე „ევროპული საქართველის“ წევრის, სერგო რატიანის განცხადებას, თითქოს კომისიის წევრები შსს-სა და პროკურატურას ხელს აფარებენ.
როგორც დიმიტრი ცქიტიშვილმა აღნიშნა, ოპონენტების შეფასებები არის ძალიან შეურაცხმყოფელი.
„ცალსახად მინდა ვთქვა, შინაარსში პირველ რეკომენდაციას ვეთანხმებით მე და რამდენიმე ჩემი კოლეგა, მაგრამ პროცედურულ საკითხზე როცა გადავალთ და გინდათ წარმოაჩინოთ ისე, რომ ჩვენ პროცედურული საკითხების გამო, არ ვეთანხმებით ამას, ეს ტყუილია. ძალიან გთხოვთ, თუ პროცედურულზე ვსაუბრობთ, პროცედურულზეც არის განსხვავებული აზრი. მგონია, რომ პლენარული სხდომის კენჭისყრაზე არ უნდა დადგეს საკითხი და კომისია დამოუკიდებლად უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას. პლენარულზე თუ შევალთ, მაშინ ბალანსი შეიძლება აირიოს, ხო? იქ სულ სხვა ბალანსია და სულ სხვა წარმომადგენლობა. ამიტომ აქ თუ ვიღებთ გადაწყვეტილებას, აქ მივიღოთ გადაწყვეტილება”, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
მისივე თქმით, ხორავას ქუჩის საქმე რომ არ არის სათანადოდ გამოძიებული, ამაზე ყველა თანხმდება.
„თითის გაშვერა, რომ ვიღაცა ხელს აფარებს, არ არის სწორი. ამ საქმეში რომ არის ხარვეზები, იმიტომაც ვზივართ აქ თითოეული ჩვენგანი და არა იმიტომ, რომ ვიღაცას თვალი ავუხვიოთ, ამაში ეჭვი არავის უნდა ეპარებოდეს. თუ ამაში გეპარებათ ეჭვი, უბრალოდ ამ კომისიის არსებობას აზრი არა აქვს. მაშინ თქვენ შეგიძლიათ, ცალკე დასკვნა დადოთ და ჩვენ – ცალკე. ძალიან გთხოვთ, ცოტათი ფრთხილად მოვეკიდოთ ურთიერთობას. მე არ გთხოვთ არავისთან მეგობრობას, მაგრამ ძალიან ფრთხილად მოეკიდეთ აქ მყოფი ადამიანების რეპუტაციას”, – განაცხადა დიმიტრი ციქტიშვილმა.
„ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა დღეს საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომ არასრულწლოვან გ.მ-ს მიმართ გამოძიება არასწორი მიმართულებით წავიდა. სერგო რატიანმა უმრავლესობის წევრებს მიმართა, რომ “ისინი ფაქტობრივად ადვოკატირებას უწევენ შსს-სა და პროკურატურას”.