დიმიტრი ცქიტიშვილი - შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის დარღვეული ბალანსის აღდგენას ცდილობს
დიმიტრი ცქიტიშვილი - შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის დარღვეული ბალანსის აღდგენას ცდილობს

შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების კანონპროექტი დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის დარღვეული ბალანსის აღდგენას და ქართული ბიზნესისა და ეკონომიკის თანამედროვე სტანდატრებზე გადაყვანას ცდილობს, – ამის შესახებ აღნიშნული ცვლილებების ინიციატორმა, დეპუტატმა დიმიტრი ცქიტიშვილმა დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში განაცხადა.

გადაცემაში შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების კანონპროექტის ბიზნესზე შესაძლო ზეგავლენის საკითხი განიხილეს, რომელმაც ქართული კერძო სექტორის დიდი ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია.

დისკუსიის დროს გადაცემის თანაწამყვანმა და კომპანია „გურიელის“ გენერალურმა დირექტორმა, მიხეილ ჭკუასელმა ცქიტიშვილის შეახსენა, რომ მისი განცხადებით, შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები მხოლოდ დასაქმებულის ინტერესებზეა ორიენტირებული. შესაბამისად, ჭკუასელი დაინტერესდა, ხომ არ არღვევს ასეთი ცალმხრივი მიდგომა ეკონომიკის მდგენელებს შორის ბალანსს, რადგან შრომითი ურთიერთობები ეკონომიკის ერთ-ერთი საკვანძო საკითხია.

ცქიტიშვილის განმარტებით, შრომით ურთიერთობებში ბალანსი 2006 წელს დაირღვა, როდესაც შრომის ბაზრის დერეგულირების მოტივით, შრომის ინსპექცია გაუქმდა და ვითარება მთლიანად დამსაქმებლის სასარგებლოდ შეიცვალა. შესაბამისად, შრომის კოდექსში შესატანად მომზადებული ცვლილებები იმ დარღვეული ბალანსის აღდგენას ემსახურება.

„ბალანსი მაშინ დაირღვა, როდესაც შრომის ინსპექცია გაუქმდა და შრომის ბაზარზე სრული დერეგულაცია მოხდა. ეს უპრეცედენტო იყო არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთლიანად მსოფლიოში. ჩვენი სისტემა იყო ერთ-ერთი ყველაზე დერეგულირებული, რის შედეგადაც სამართლებრივ სისტემაში დასაქმებულისთვის პრაქტიკულად აღარ დარჩა არანაირი უფლებრივი გარანტიები და ბალანსი დამსაქმებლის მხარეს გადავიდა“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

მისი მოსაზრებით, ბაზრის ლიბერალიზებას არც რამე განსაკუთრებული ეკონომიკური შედეგი მოჰყოლია, როგორც დასაქმების, ისე ინვესტიციების ზრდის კუთხით, როგორც ეს რეფორმით იყო გათვლილი. პირიქით, როგორც სტატისტიკა აჩვენებს, 2007-2008 წლებში უმუშევრობა 15 პროცენტამდე გაიზარდა. რაც შეეხება ინვესტიციებს, გარკვეულ სეგმენტში იყო შემოდინება, მაგრამ სერიოზული გარდატეხა არ მოჰყოლია. სამაგიეროდ, დრამატულად გაიზრდა სამუშაო ადგილზე უბედური შემთხვევების რიცხვი.

„ანუ [ბაზრის დერეგულირებით] რეალური გარდატეხა არ მომხდარა. თუმცა, ადამიანის უფლებები, შრომის უსაფრთხოება, სამუშაო ადგილზე უბედური შემთხვევების რაოდენობა ძალიან დიდი იყო და საბოლოო ჯამში, ძალიან დრამატული სურათი მივიღეთ. ახლა ეს კანონპროექტი ცდილობს, ბალანსი აღადგინოს და ქართული ბიზნესი, ეკონომიკა იმ თანამედროვე სტანდარტებზე გადაიყვანოს, რომლისკენაც საქართველო მიისწრაფვის. ევროკავშირი მხოლოდ გეოპოლიტიკური არჩევანი ხომ არ არის, ეს ჩვენი საზოგადოების არჩევანია, რომ იმ საზოგადოების წესით ვიცხოვროთ, რომელიც კეთილდღეობას გულისხმობს, როგორც თითოეული ადამიანის შრომის დაფასებას, რაც კომპანიასაც წაადგება და თვითონაც“, – განმარტა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

მიხეილ ჭკუასელის ვარაუდით, დაგეგმილი ცვლილებები თუ კანონად იქცა, ის უმუშევრობის ზრდას, ჩრდილოვან დასაქმებას და პროდუქციის გაძვირებას გამოიწვევს, რადგან ბიზნესი გაზრდილი ხარჯების კომპენსირებას ფასების ზრდით შეეცდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი აღნიშნავს, რომ აღნიშნული ცვლილებები მხოლოდ სამუშაო პირობების გაჯანსაღებას ისახავს მიზნად, რადგან არსებული კანონმდებლობა ერთი მხრივ, არაკეთილსინდისიერ ბიზნესს კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს, მეორე მხრივ კი მონური შრომის ლეგალიზების საშუალებას იძლევა.

„ეს ცვლილებები უმუშევრობის ზრდაზე ან შემცირებაზე არ არის ორიენტირებული. იგი ხარისხიანი სამუშაო ადგილების შექმნაზე, ანუ სამუშაო ადგილის გაჯანსაღებაზეა ორიენტირებული. სამწუხაროდ, ჩვენი კანონი აძლევს საშუალებას არაკეთილსინდისიერს, რომ კეთილსინდისიერის მიმართ უპირატესობა ჰქონდეს. იმიტომ, რომ თუ არაკეთილსინდისიერმა თავის თანამშრომლების განვითარებაზე, ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე, ჯანსაღი სამუშაო პირობების უზრუნველყოფაზე თანხები დაზოგა, კეთილსინდისიერმა კი ეს გააკეთა, შესაძლებელია, რომ კონკურენციაში გარკვეული უპირატესობა მოიპოვოს. ეს ცვლილებები არაკეთილსინდისიერს მონური შრომის ლეგალიზებას შეუზღუდავს. ძალიან მკაცრი განცხადებაა, მაგრამ მონური შრომის ლეგალიზების საშუალება დღეს არის“, – განუცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა „ბიზნესპარტნიორს“.