დიმიტრი ცქიტიშვილი ჯანდაცვის მინისტრს კითხვით მიმართავს, რატომ არ იქმნება ქვეყანაში შრომის ინსპექცია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი ჯანდაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს კითხვით მიმართავს, რატომ არ იქმნება ქვეყანაში შრომის ინსპექცია.
ჟურნალისტებთან საუბარში დიმიტრი ცქიტიშვილი ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მომხდარ შემთხვევას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შახტის დახურვა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დასაქმებულებს შენარჩუნებული ექნებათ სოციალური პირობები და გარანტირებული ხელფასები, სხვა შემთხვევაში, შახტის დახურვა არ შეიძლება, რადგან ამას სოციალური პრობლემები მოჰყვება.
დეპუტატი საკითხზე საუბრისას აქცენტს შრომის ინსპექციის შექმნაზე აკეთებს და ამბობს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების პასუხისმგებლობაა ის, რომ დღემდე შრომის ინსპექცია ვერ იქმნება.
„ჯანდაცვის სამინისტროსთან საუბარი არაერთხელ მქონია, რომ შრომის ინსპექცია უნდა შეიქმნას. ეს მთავარი ღერძია, რომელმაც ადგილებზე სახელმწიფო პოლიტიკა უნდა გაატაროს, რათა მონიტორინგის საშუალება გვქონდეს. სახელმწიფოს უფლება უნდა ჰქონდეს, ობიექტზე შევიდეს, დაათვალიეროს, სანქციები გასცეს და დარღვევევის შემთხვევაში, აღმოფხვრა მოითხოვოს და თუ არ აღმოიფხვრება, საწარმოს საქმიანობა შეაჩეროს. ეს კომპონენტები თუ არ იქნება, კანონის აღსრულება ძალიან ძნელია“, – აცხადებს დეპუტატი.
დიმიტრი ცქიტიშვილი ვერ აკონკრეტებს, ქვეყანაში შრომის ინსპექცია რატომ არ იქმნება.
„ჯანდაცვის მინისტრისითვის პირადად და საჯაროდ არაერთხელ მითქვამს, შრომის ინსპექციას რატომ არ ვქმნით, წინ რა უდგას, რომ ძლიერი ინსპექცია შევქმნათ, რომელსაც ზედმხედველობის უფლებები ექნება. კანონებს, რომელსაც ვქმნით, აღსრულება სჭირდება. ამის პრობლემა გვაქვს და ჩვენი ხელისუფლების პასუხისმგებლობა ცალსახაა. თუ ზომები არ მივიღეთ, ეს არასოდეს დამთავრდება. ვიღაცისთვის თეორიული აბსტრაქტული მიდგომაა, თითქოს ბიზნესგარემოს რაღაც რეგულაციები აფუჭებს. არანაირი ბიზნესგარემო არ მიმაჩნია ჯანსაღად, თუ იქ ადამიანები იღუპებიან. თუ საჭიროა, უნდა დავაჯარიმოთ. სახელმწიფო იმისთვის არსებობს, რომ ჩვენი მოქალაქეები დავიცვათ, თუ ეს დაცული არ არის, არანაირი ბიზნესი არაფრად ღირს. ბიზნესი იმისთვის გვინდა, რომ ადამიანების კეთილდღეობა უკეთესი იყოს და არა – პირიქით“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
მინდელის შახტში დღეს დილით მომხდარ შემთხვევას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია ექვსი ადამიანი. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. ტყიბულში არსებული ყველა შახტი გამოძიების დასრულებამდე დაილუქება.
ტყიბულის შახტი კომპანია „საქნახშირს“ ეკუთვნის. შახტში ტრაგედია მიმდინარე წლის 5 აპრილსაც მოხდა. მაშინ შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა.