დიმიტრი ცქიტიშვილი - გიორგი რურუას საქმეში მნიშვნელოვანი როლი პროკურატურას აქვს, რადგან წინასწარი პატიმრობის შეცვლა მთავრობის ან პარლამენტის საკითხი არ არის
დიმიტრი ცქიტიშვილი - გიორგი რურუას საქმეში მნიშვნელოვანი როლი პროკურატურას აქვს, რადგან წინასწარი პატიმრობის შეცვლა მთავრობის ან პარლამენტის საკითხი არ არის

პროკურატურის განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა ამერიკის შეერთებული შტატებიდან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა.

როგორც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანისა და გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის შეხვედრის შეფასებისას განაცხადა, არჩევნები უნდა ჩატარდეს მშვიდ გარემოში და ყველა შესაძლო დარღვევას უნდა ჰქონდე ადეკვატური რეაქცია. დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით, სავარაუდოდ სწორედ აღნიშნულ საკითხზე მოხდა პრევენციული საუბარი.

„ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორთან არა მარტო სახელმწიფოებრივი თანამშრომლობა, არამედ დარგობრივი თანამშრომლობაც მიმდინარეობს. მათ შორის, პროკურატურის განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ის, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს ძალიან მშვიდ გარემოში და ყველა შესაძლო დარღვევას უნდა ჰქონდე ადეკვატური რეაქცია, ამაზე არის პრევენციული საუბარი იქიდან გამომდინარე, რომ შესაძლებელია, მოხდეს კიდევ უფრო მეტად დარღვევა, ვიდრე ბოლო არჩევნებზე იყო“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით, გიორგი რურუას საქმეში მნიშვნელოვანი როლი სწორედ პროკურატურას აქვს.

„არ გამოვრიცხავ, საუბარი ყოფილიყო გიორგი რურუას საქმეზე. არ ვიცი, ახლა ვარაუდები გამოვთქვა ორი ადამიანი რაზე საუბრობდა, ჩემთვის ძნელია და სწორი არ იქნება. თვითონ ის საუბარი, რაც შეეხება არჩევნებისთვის სწორი მართლმსაჯულების განხორციელებას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს, ეს არის 8 მარტის შეთანხმების ნაწილი და ფაქტია, ამაზე საუბარი იყო. კონკრეტულად გვარები იყო თუ არა ჩემთვის ნაკლებად ცნობილია. შეიძლება ითქვას, რურუას საქმეში მნიშვნელოვანი როლი პროკურატურას აქვს. წინასწარი პატიმრობა თუ შეიცვლება, ეს პროკურატურის ნაბიჯი უნდა იყოს და არა მთავრობის ან პარლამენტის. შეიძლება ასეთი საუბარი შემდგარიყო“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.