დილიდან სვანეთში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები დაიწყება
მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დილიდან ლეხზირის ხეობაში მძიმე ტექნიკის შეყვანა იგეგმება, დაიწყება სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები და მიმდებარე ტერიტორიის ნატანი მასალისგან გაწმენდა. ასევე მოხდება წყალმომარაგების მაგისტრალის მილსადენებზე არსებული დაზიანების დათვალიერება.
ხვალ სტიქიის შედეგებს ადგილზე გაეცნობიან ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები. ასევე, იგეგმება შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან სტიქიის გამომწვევი მიზეზების განსახილველად. მერიაში განმარტავენ, რომ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა, დაესწროს აღნიშნულ შეხვედრას.
ამ დროისთვის, მდინარე მესტია-ჭალა კვლავ არასტაბილურად მოედინება, რაც გამოიხატება დროის მოკლე მონაკვეთში კალაპოტის ხშირი ცვლით.
ამინდის პროგნოზის გათვალისწინებით, 27 ივლისს, მესტიის მუნიციპალიტეტში წვიმა მოსალოდნელი არ არის.
უხვი ნალექის გამო მყინვარ ლეხზირთან მდინარე დაგუბდა, რის შედეგადაც წყალი გადმოვიდა და „მესტიაჭალაჰესი 1“-ზე შენობა დატბორა.