საქართველო არ იქნება სათამაშო ბურთი, – ამ სათაურით შვეიცარიული გამოცემა DIE WELRWOCHE საავტორო სტატიას აქვეყნებს. სტატიის ავტორი, ფსევდონიმით ალექსანდრე ვირსალაძე, 2012 წლამდე პერიოდს იხსენებს და მკითხველს „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლების დროს შეზღუდული თავისუფლებისა და ქვეყანაში გამეფებული შიშის შესახებ უყვება.
„1980 წელს 14 წლის მოსწავლემ მაშინდელ საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკაში პირველად გამოვაქვეყნე გაზეთში სტატია. თუმცა ალბათ ეს პროფესია კიდევ უფრო ადრე ავირჩიე. მე ცნობილი ჟურნალისტის ოჯახში დავიბადე. როდესაც ოჯახი ერთად ვიკრიბებოდით, ვუსმენდით „ამერიკის ხმას“ და „რადიო თავისუფლებას“. ამ გზით ვცდილობდით, სიმართლის მსგავს ინფორმაციასთან მოვხვედრილიყავით. მამამ გამაფრთხილა, რომ სკოლაში არ მეთქვა, სახლში აკრძალულ გადაცემებს რომ ვუსმენდით. ჩვენ დისიდენტები არ ვიყავით, უბრალოდ გვინდოდა, გვცოდნოდა, რა ხდებოდა მედლის მეორე მხარეს, რის დამალვასაც ასე ცდილობდნენ. მაშინ ალბათ ბეჯითი დასავლელი ვიყავი, რომელიც თავისუფლების და სიმართლის იდეალებზე ორიენტირდებოდა, ვიდრე მამამ ერთხელ მითხრა, რომ ფაქტების უნდა მჯეროდეს და არა – პროპაგანდის“, – წერია სტატიაში.
სტატიაში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს ავტორი ერთი ფრაზით – „დემოკრატიის ჩამქრალი შუქურად“ ახასიათებს. როგორც ავტორი წერს, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილს მაშინ დასავლეთში დემოკრატიის შუქურას უწოდებდნენ, შუქურის ეს ნათება მალე ჩაქრა და ყველა მოლოდინი დაიმსხვრა.
„დემოკრატიის ჩამქრალი შუქურა. დღესაც, ათწლეულების შემდეგ, ჩემს პროფესიაზე შეყვარებული, ვბედავ რომ ვთქვა, მე დავრჩი აბსოლუტურად პროდასავლურ ადამიანად, არ ვიხსნი იდეალისტის სათვალეს და მჯერა ფაქტების და არა – აღქმების, როგორც ეს დღეს მოდური და კომფორტულია. თუმცა აღარ ვუსმენ აღარც „ამერიკის ხმას“ და აღარც „რადიო თავისუფლებას“. არა იმიტომ, რომ შევიცვალე, არამედ იმიტომ, რომ ისინი შეიცვალნენ – მათგან სიმართლე აღარ მესმის. რატომ გადავწყვიტე ამ ტექსტის ფსევდონიმით ხელმოწერა?! ახსნა არის მარტივი, მე ისევ მეშინია, ზუსტად ისევე მეშინია, როგორც 2012 წლამდე, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ მაშინდელი პრეზიდენტის, სააკაშვილის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დაამარცხა. სააკაშვილს მაშინ დასავლეთში „დემოკრატიის შუქურას“ უწოდებდნენ. თუმცა შუქურის ეს ნათება მალე ჩაქრა და ყველა ჩვენი მოლოდინები დაიმსხვრა. სააკაშვილმა წარმატებულად მიჰყიდა დემოკრატიის სურათი დასავლეთს, ვიტრინაში საქართველო მიმზიდველი ჩანდა. თუმცა შიგნით ჩვენ მობილური ტელეფონებიდან სიმ ბარათებს ვიღებდით, როდესაც სახლში მეგობრებს ან ოჯახის წევრებს ველაპარაკებოდით, რადგან გვეშინოდა“,- წერს სტატიის ავტორი.
სტატიაში წერია, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნების შემდეგ არის განცდა, რომ ქართულ მაიდანს აორგანიზებენ.
„საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, სადაც, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სერიოზული დარღვევები არ ყოფილა, მაქვს განცდა, რომ ქართულ მაიდანს აორგანიზებენ. ვითომ დემოკრატიული არჩევნების სურათს გაყიდიან, ისევ ხელისუფლებაში დაბრუნდებიან და პოლიტიკურ მოწინააღმდეგეების დევნას დაიწყებენ. ჩვენ შევთანხმდით, რომ ემოციებს არ მივცემთ ჩვენი მართვის საშუალებას, მხოლოდ ფაქტებით და არაფრით ფაქტების გარდა. 2011 წელი იყო, სააკაშვილი ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდა, რომ მისი ავტორიტარიზმი საფრთხის ქვეშ იყო. საქართველოს დამოუკიდებლობის დღის წინა საღამოს ოპოზიცია აქციას მართავდა. ეს დემონსტრაცია, პირდაპირი მნიშვნელობით, „სისხლში ჩაახშვეს“. ჩემი კოლეგები – ოთხი ფოტორეპორტიორი დაიჭირეს და ისინი ციხეში გადაიყვანეს, სადაც სასტიკი მოპყრობის მსხვერპლნი გახდნენ, რადგან მათი ფოტოები, რომლებიც დასისხლიანებული, დამცირებული, ნაცემი, გუბეში მწოლიარე ადამიანების მდგომარეობას ასახავდა, ამერიკულ და ევრპულ გამოცემებში გამოქვეყნდა. სააკაშვილმა მათ შიშველი სიმართლე არ აპატია. ფოტოგრაფებმა თვეები ციხეში გაატარეს, სადაც ისინი იძულებული გახდნენ, ეღიარებინათ, რომ რუსეთის ჯაშუშები იყვნენ. მთავრობის ცვლილების შემდეგ ფოტოგრაფები უდანაშაულოდ ცნეს, თუმცა წარმოიდგინეთ, რისი გადატანა მოუწიათ მათ, როცა მათი მეუღლეები ციხეში მოათავსეს და გვერდით საკნებში გაუპატიურებით ემუქრებოდნენ. ერთი რეპიორტიორი ტყეში წაიყვანეს და შესთავაზეს, საკუთარი საფლავი თავად გაეთხარა“,- წერს ავტორი.
ამასთან, სტატიაში ავტორი მკითხველს რუსეთთან ურთიერთობების თაობაზე მოუთხრობს. სტატიის ავტორი დღეს საქართველოში არსებულ თავისუფლების დონეს უსვამს ხაზს.
„მათ არაფრის ეშინიათ. შიში ეკუთვნის წარულს“, – წერს ავტორი ფსევდონიმით ალექსანდრე ვირსალაძე და ჰყვება, რომ არჩევნებში მეორე ადგილზე გასული ოპოზიციური პარტიის, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ სიის პირველი ნომერი დღესაც თბილისის მერიაში მუშაობს და, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ის სამსახურიდან განსხვავებული შეხედულებების გამო არავის გაუთავისუფლებია.
„უკანასკნელ საპარლემენტო არჩევნებში „კოალიციამ ცვლილებებისთვის“ მეორე ადგილი მიიღო (ყველაზე მეტი ხმა მოიპოვა იმ ოპოზიციურ პარტიებს შორის, რომლებმაც ხუთი პროცენტი გადალახეს). ამ კოალიციის პირველი ნომერი ქალბატონი მხოლოდ იმით არის ცნობილი, რომ ოპოზიციის მიტინგზე ევროპის დროშით დადიოდა და ერთხელ ფოტოობიექტივშიც მოხვდა. ეს ყველაფერია? არა, მთავარი ის არის, რომ ის ქალაქის მერიაში მუშაობდა და დღემდე მუშაობს. მისთვის არავის დაუძალებია მმართველი პარტიისთვის ხმის მიცემა. მე ბევრი ნაცნობი მყავს, რომლებიც ოპოზიციის აქციებში მონაწილეობენ, ოპოზიციას აძლევენ ხმას და ამასთანავე სახელმწიფო სამსახურებში მუშაობენ. მათ არაფრის ეშინიათ. შიში ეკუთვნის წარულს. მაგრამ ხანდახან წარსული უკან ბრუნდება, სწორედ ამის მეშინია. თავისუფლება – ეს არის მთავარი, არა? საკუთარი თავისუფლება, რომელიც სხვისი თავისუფლების უფლებით უნდა შეიზღუდოს, ეს აქსიომაა. კანონი ყველასთვის თანაბარი უნდა იყოს“, – ვკითხულობთ სტატიაში.
ავტორი მკითხველს „ქართული ოცნების“ მიერ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ შედეგებს ახსენებს.
„ფაქტებს დავუბრუნდეთ: მას შემდეგ, რაც სააკაშვილის ხელისუფლებამ სტრატეგიული ობიექტები რუსეთს მიჰყიდა და 2008 წლის ომის შედეგად ტერიტორიის 20% რუსეთს გადასცა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ევროკავშირთან ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას აფორმებს, ასევე კონსტიტუციაში ჩაწერს ნატო-სკენ და ევროკავშირისკენ სწრაფვის ვალდებულებას და მიიღებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. „ოცნების“ ხელისუფლება ისევ პროდასავლურ კურსის მხარდამჭერად პოზიციონირებს, მაშინ რატომ რაცხავენ მას პრორუსულად?“- წერია სტატიაში.
ავტორი წერს, რომ საქართველოს ხელისუფლების პრორუსულად შერაცხვა ტიპური სტიგმატიზირებაა. მისივე თქმით, საქართველო შეურთდა საერთაშორისო სანქციებს და მათ მკაცრად იცავს.
„მე ვარ სახელმწიფო ძალაუფლების კრიტიკოსი, როგორც ყველა ინტელიგენტი და განათლებული ადამიანი. თუმცა კრიტიკას სჭირდება დამტკიცება, მხოლოდ მაშინ არის ის ლეგიტიმური. საქართველოს ხელისუფლების პრორუსულად შერაცხვა არის ტიპური სტიგმატიზირება. ვერ ვხედავ დასავლური კურსიდან გადახვევის ნიშნებს. რუსეთთან რაციონალური ურთიერთობა, რომლის ტანკები თბილისიდან რამდენიემ ათეულ კილომეტრში დგანან, ცუდია? მით უფრო, რომ საქართველოში რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას არავინ ცდილობს. ყველა ევროპული სახელმწიფო ურთიერთობს რუსეთთან რუსეთ-უკრაინის ომის შემდგომ, მათ შორის, ჩვენი ქვეყნის მკაცრი კრიტიკოსებიც. საქართველო ცდილობს, გადარჩეს. სულ ეს არის. საქართველო შეურთდა საერთაშორისო სანქციებს და მათ მკაცრად იცავს. საქართველომ ასევე ხელი მოაწერა ჰააგისთვის მიმართვას, რომლის საფუძველზეც საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმერ პუტინის დაკავების ბრძანება გასცა. ხოლო თუ საქართველო ორმხრივ სანქციებს დააწესებდა, მისი ეკონომიკა 18%-ით დაზარალდებოდა, ხოლო რუსეთის შემთხვევაში ეს 0.03 პროცენტი იქნებოდა. ახლა კი მსოფლიო ბანკი და სავალუტო ფონდი საქართველოს ეკონომიკის ზრდას 2024 წელს, 5 პროცენტით ზრდის ნაცვლად, 7.5 პროცენტამდე ზრდიან“, – ვკითხულობთ სტატიაში.
ავტორის თქმით, როგორც საქართველოს სჭირდება დასავლეთი, როგორც გზამკვლევი, ასევე სჭირდება ევროპას საქართველოს პოტენციალი, მისი გეოგრაფიული მდებარეობა და ადამიანები, რომლებიც მზად არიან, იყვნენ პარტნიორები და არა – ბრძანებების ბრმა შემსრულებლები.
„საქართველი ელოდება დასავლეთთან ურთიერთობების გადატვირთვას. ვაშინგტონმა და ბრიუსელმა ურთიერთობები მას შემდეგ გაყინეს, რაც საქართველომ მიიღო უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი, რომელიც რუსული კანონის ანალოგად შეირაცხა. ვსვამ კითხვას: ნუთუ ყველას, ვინც ამას აცხადებს, კანონი წაკითხული აქვს? დარწმუნებული ვარ, არა. არასამთავრობოებს პრობლემა აქვთ დეკლარირებასთან. თუ აპროტესტებენ, იმიტომ, რომ არ უნდათ გამჭვირვალობა? პოლიტიკა ცინიკურია, საქართველოს სჭირდება დასავლეთი, როგორც გზამკვლევი. ეს არის მასშტაბი განვითარების, რეფორმების, ტრანსფორმაციის, დემოკრატიის, თუმცა ნამდვილის და არა – გაყალბებულის. თუმცა დასავლეთსაც სჭირდება საქართველო, ახალგაზრდა კაკვასიური დემოკრატია, რომელმაც 30 წლის განმავლობაში, საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ბევრი კონფლიქტი და ეკონომიკური პრობლემა გადაიტანა. ევროპას სჭირდება მისი პოტენციალი, მისი გეოგრაფიული მდებარეობა, რაც მთავარია, ადამიანები, რომლებიც მზად არიან, იყვნენ პარტნიორები; პარტნიორები და არა – ბრძანებების ბრმა შემსრულებლები.“, – წერია სტატიაში.
სტატიის ავტორი წერს, რომ საქართველომ დასავლეთთან პარტნიორობა არაერთხელ დაამტკიცა.
„საქართველომ ეს პარტნიორობა არაერთხელ დაამტკიცა. გავიხსენოთ, სულ მინიმუმ, ნატო-ს ოპერაცია ავღანეთში, რომელშიც საქართველო, როგორც ნატო-ს არაწევრი სახელმწიფო, სოლიდური კონტიგენტით იყო წარმოდგენილი და 32 ჯარისკაცი და ოფიცერი დეღუპა. მათ სიცოცხლე იმისთვის არ გაუწირავთ, რომ მათ სამშობლოს დასავლეთმა ხშირად და უსამართლოდ ხან ყვითელი ბარათი აჩვენოს და ხანაც წითელი. არსებობს სხვაობა სწავლებასა და ჭკუის სწავლებას შორის. საქართველოს უნდა, რომ ისწავლოს, თუმცა მას არ დაუმსახურებია, რომ ისე მოექცნენ, როგორც ცუდი მოსწრების მოსწავლეს. მთელი თაობა საქართველოში განიხილავს ინგლისურს, ფრანგულს, გერმანულს, როგორც მეორე ენას და არა – რუსულს. ისინი განსვავებულად ცხოვრობენ. იმაზე განსხვავებულად, ვიდრე ჩვენ ვცხოვრობდით, რომლებიც ჯინსებს მხოლოდ ოცნებებში ვხედავდით. ეს კი გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ვერცერთი პრორუსული პარტია საქართველოში არჩევნებს ვერ მოიგებს, თუმცა დასავლეთის მხრიდან მუდმივი გაფრთხილებები და დასჯები ფრუსტრაციას იწვევს, რაც რუსეთს გაახარებს“, – ვკითხულობთ სტატიაში.
ავტორი ფსევდონიმით ალექსანდრე ვირსალაძე წერს, რომ ქვეყნისთვის ახლა მნიშვნელოვანია, საქართველო უკრაინად არ იქცეს. მისი თქმით, ეს წითელი ხაზია, რომლის გადაკვეთა ადვილია, თუმცა უკან დაბრუნება – ძალიან რთული.
„თბილისში მზიანი ამინდია, დღის განმავლობაში ტემპერატურა 15 გრადუსამდე იწევს. თუმცა მოდუნება შეუძლებელია, ისევ რევოლუციის მოლოდინი, ისევ უნდობლობა, ისევ პოლარიზაცია. ვხედავ დაძაბულ სახეებს, მესმის მძიმე საუბრები. თუმცა ერთი ვიცი, ამ ქვეყანას შეუძლია კარგად ცხოვრება და უნდა იცხოვროს კიდეც. საბჭოთა კავშირის დროს ამბობდნენ, რომ ჩვენ შეგვიძლია კავკასიის შვეიცარია გავხდეთ. საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს, თუმცა ჩვენ შვეიცარია ისევ არ ვართ. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, უბედურ უკრაინად არ ვიქცეთ, რომელიც დღეს სისხლში ცურავს. ეს არის წითელი ხაზი, რომელიც ადვილია, რომ გადაკვეთო, თუმცა უკან დაბრუნება ძნელია. აღარ მინდა სიმბარათების ჩემი ტელეფონიდან ამოღება, აღარ მინდა, შიში მქონდეს ჩემი სტატიის ნამდვილი სახელითა და გვარით გამოქვეყნების“, – ვკითხულობთ სტატიაში.