დიდუბის რაიონის გამგებლის ინფორმაციით, ელიავას ბაზრობაზე ხანძრის შედეგად 15-მდე მაღაზია დაიწვა
დიდუბის რაიონის გამგებლის, ირმა ზავრადაშვილის ინფორმაციით, ელიავას ბაზრობაზე ხანძრის შედეგად 15-მდე მაღაზია დაიწვა.
მისივე თქმით, ხანძრის ლოკალიზება დროულად მოხერხდა.
„დაახლოებით 03:00 საათზე შევიდა ზარი, რომ ხანძარი იყო ელიავას ბაზრობაზე. ექვს წუთში ეკუპაჟი მოვიდა. ხანძრის ლიკვიდაცია, ანუ დაჭერა ყველა მხრიდან, რომ გავრცელება არ ყოფილიყო, 40 წუთში უკვე უზრუნველყოფილი იყო. დამწვარია დაახლოებით ათასი კვადრატული. ეს არის 14-15 მაღაზია. ძალიან საშიში მდგომარეობა იყო იმდენად, რამდენადაც ხის მასალები და პლასმასის მასალები იყო ძირითადად. მოახერხეს და ლიკვიდაცია გააკეთეს. როგორც მეპატრონე იძახის, ტერიტორია, ბაზრობა დაზღვეულია. დანარჩენი ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე ლაპარაკი ჯერ ადრეა. როგორც კი მეხანძრეები დაამთავრებენ მუშაობას, შევა კრიმინალური და ის დადებს დასკვნას, რა იყო ხანძრის მიზეზი“, – განაცხადა ირმა ზავრადაშვილმა.
თბილისში, ელიავას ბაზრობაზე ხანძარი გვიან ღამით გაჩნდა. ცეცხლი ხის მასალების საწყობსა და რამდენიმე მაღაზიაზე გავრცელდა. ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ელიავას ბაზრობაზე სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და ხანძრის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს.