დიდუბის რაიონის გამგებელი მოქალაქე ირაკლი ბაღათურიას ბრალდებებს უარყოფს და პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს
დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი მოქალაქე ირაკლი ბაღათურიას ბრალდებას, რომელიც მას ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს, კატეგორიულად უარყოფს და პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.
ზავრადაშვილის თქმით, ბაღათურიასთან მას მართლაც ჰქონდა კამათი, როცა მოქალაქე ხელისუფლების წარმომადგენლებს უცენზურო სიტყვებით იხსენიებდა, თუმცა ფიზიკურ ძალადობას მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია.
ამასთან, დიდუბის გამგებლის თქმით, პირადადაც და გამგეობაც ირაკლი ბაღათურიასა და თევდორე მღვდლის 13 ნომერში შეჭრილ სოციალურად დაუცველებს არაერთხელ დაეხმარნენ. მუშაობა მიმდინარეობს და სამომავლოდ, კორპუსის გამაგრების შემდეგ, შესაძლოა, ფართების დაკანონებაც მოხდეს.
მოქალაქე ირაკლი ბაღათურია, რომელიც თბილისში, თევდორე მღვდლის 13 ნომერში ცხოვრობს, დიდუბის რაიონის გამგებელს, ირმა ზავრადაშვილს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. მან გამგებლის წინააღმდეგ დღეს დიღმის პოლიციის სამმართველოში საჩივარიც შეიტანა. ბაღათურია გამგებლის თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით გამგეობასთან აქციას მართავს და საქმის შესწავლას სახალხო დამცველისგანაც მოითხოვს.