კახა კალაძემ 51 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა
კახა კალაძემ 51 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა

თბილისის მერის ინიციატივით, მოქალაქეებისთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონება გრძელდება.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, კახა კალაძემ ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელთან ერთად, გლდანის, დიდუბისა და ნაძალადევის რაიონებში მცხოვრებ 51 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა.

მოქალაქეებს, რომლებსაც წლების განმავლობაში საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემა აწუხებდათ, საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცათ.

„კიდევ 51 ოჯახი გავაბედნიერეთ – საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადავეცით. ეს ადამიანები წლების განმავლობაში ელოდნენ საცხოვრებელი ფართების დაკანონებას და მიხარია, რომ დღეს, ხარების დღესასწაულზე ისინი გავახარეთ. ფართების დაკანონება ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა, რომელიც 2017 წლიდან მოქმედებს. ეს ჩემი მერობის პირველი ვადის საარჩევნო დაპირება იყო და ვასრულებთ კიდეც. უკვე ბევრი ოჯახი გავაბედნიერეთ. მომავალში ყველას დავეხმარებით, ვისაც მსგავსი პრობლემა აწუხებს“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, ვისაც მსგავსი პრობლემა აწუხებს, თავისივე რაიონის გამგეობას უნდა მიმართოს, სადაც შესაბამისი დოკუმენტების შეგროვებაში დაეხმარებიან.

„300 მილიონ ლარზე მეტი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართია უკვე გადაცემული, როგორც კერძო საკუთრება და დაკანონებულია იმ ოჯახებისთვის, რომლებიც აქ წლებია ცხოვრობენ“, – აღნიშნა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერთან ერთად, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობების გადაცემის პროცესს გლდანის, დიდუბისა და ნაძალადევის რაიონების გამგებლები და მაჟორიტარი დეპუტატები ესწრებოდნენ.