დიდი სპორტული ქვეყნები რუსეთის უფლებამოსილების აღდგენას ეწინააღმდეგებიან
13 ქვეყნის ანტისადოპინგო სააგენტო მოუწოდებს მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს – არ აღადგინოს თავის რიგებში რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტო. ღია წერილს ხელი მოაწერეს – ავსტრალიამ, ავსტრიამ, კანადამ, ფინეთმა, გერმანიამ, ირლანდიამ, იაპონიამ, ჰოლანდიამ, ახალმა ზელანდიამ, ნორვეგიამ, პოლონეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა.
ამ ქვეყნების აზრით, არ ღირს რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოს აღიარება იქამდე, სანამ რუსული მხარე ბოლომდე არ შეასრულებს ყველა მოთხოვნას, რომელიც მას წაუყენეს. გარდა ამისა, რუსეთმა უნდა აღიაროს ის ფაქტები, რომელიც რიჩარდ მაკლარენის ანგარიშშია მოყვანილი და სრული წვდომის უფლება უნდა მისცეს მოსკოვის ანტისადოპინგო სააგენტოს მონაცემებზე.
„დღეს არ არის დრო იმისთვის, რომ მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ უკან დაიხიოს. მან უნდა გაითვალისწინოს უმრავლესობის პოზიცია – მხედველობაში გვაქვს სუფთა სპორტსმენები და გულშემატკივრები”, – წერია განცხადებაში.
რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოსთვის უფლებამოსილების აღდგენის საკითხს 20 სექტემბერს, მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს აღმასკომის სხდომაზე განიხილავენ.