„დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა რუსეთი უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, მოსალოდნელი მძიმე შედეგების შესახებ გააფრთხილეს და მოლაპარაკებებისკენ მოუწოდეს
„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები რუსეთ-უკრაინის კრიზისის პრევენციისთვის ერთიან პოზიციაზე შეთანხმდნენ.
ინფორმაციას სააგენტო „როიტერი” ავრცელებს.
დიდი ბრიტანეთში, ქალაქ ლივერპულში „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების და ევროკავშირის საგარეო უწყებების ხელმძღვანელთა შეხვედრა გაიმართა, რუსეთ-უკრაინას შორის არსებული კრიზისის განსახილველად.
მხარეებმა უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, რუსეთი მოსალოდნელი მძიმე შედეგების შესახებ გააფრთხილეს და დიპლომატიური მოლაპარაკებების მაგიდასთან მისხდომისკენ მოუწოდეს.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივნის, ლიზ ტრასის განცხადებით, აუცილებელია მტრულად განწყობილი მხარეების მზარდი აგრესიისგან თავის დაცვა და აგრესორების წინააღმდეგ გაერთიანება, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიის საზღვრების შეზღუდვას ცდილობენ.
როგორც „როიტერი“ წერს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ რუსეთთან დაძაბულობის დეესკალაციისთვის ჯერ კიდევ არსებობს დიპლომატიური გზა და თუ მოსკოვში ამ გზას არ გაჰყვებიან, შედეგები ძალიან მძიმე იქნება.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის თქმით, აუცილებელია ყველანაირი ზომების მიღება, რომ მხარეები დიალოგს დაუბრუნდნენ.
ამასთან, დღეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე კარენ დონფრიდი 13-15 დეკემბერს რუსეთსა და უკრაინას ეწვევა.