დიდი ოდენობით თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ფაქტებზე 13 პირი ამხილეს, შვიდი მათგანი დაკავებულია
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მიმდინარე წლის სექტემბერში მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის 11 ფაქტი გამოავლინეს.
საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დანაშაულის ჩადენის ფაქტზე მხილებულია 13 პირი, მათგან შვიდი დაკავებულია.
„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამეგრელოსა და ქვემო ქართლის რეგიონებში დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი სხვადასხვა დასახელების ჯამში 35 000 კოლოფზე მეტი უაქციზო სიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება 136 000 ლარს აღემატება“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან რვა წლამდე ვადით.