დიდი გარღვევა — მეცნიერებმა თაგვებში დაბერება უკუაქციეს და მათი მიზანი ახლა იმავე ეფექტის ადამიანებზე გამეორებაა #1tvმეცნიერება
დიდი გარღვევა — მეცნიერებმა თაგვებში დაბერება უკუაქციეს და მათი მიზანი ახლა იმავე ეფექტის ადამიანებზე გამეორებაა #1tvმეცნიერება

ჰარვარდის სამედიცინო სკოლაში, მოლეკულური ბიოლოგის, დევიდ სინკლერის ლაბორატორიაში, ბებერი თაგვები კვლავ ახალგაზრდები ხდებიან.

იმ ცილების გამოყენებით, რომლებიც ზრდასრულ უჯრედებს ღეროვან უჯრედებად გარდაქმნიან, სინკლერმა და მისმა ჯგუფმა დაბერებული უჯრედები თავიანთ ადრეულ ვერსიებზე დააბრუნეს. პირველ ექსპერიმენტში, რომლის შედეგებიც 2020 წელს გამოქვეყნდა, ცუდი მხედველობისა და დაზიანებული ბადურის მქონე თაგვებმა უცბად კვლავ დაინახეს, თანაც ისე კარგად, რომ მათ ნაშიერებსაც კი შეშურდებოდათ.

„უჯრედების საწყის მდგომარეობაში დაბრუნება (გადატვირთვა) სამუდამოა და რამდენადაც ამის თქმა შეგვიძლია, ვფიქრობთ, ის შეიძლება უნივერსალური პროცესი იყოს, რომელიც ჩვენს სხეულსაც მოვარგოთ ჩვენი ასაკის გადასატვირთად“, — ამბობს სინკლერი, რომელმაც თავისი ცხოვრების გასული 20 წელიწადი დროის ეფექტების უკუქცევის შესწავლას მიუძღვნა.

„თუ დაბერებას უკუვაქცევთ, არ იქნება მისი თანმხლები დაავადებებიც. დღეს უკვე გვაქვს ტექნოლოგია, რომელსაც შეეძლება, ასობით წლით სიცოცხლის საშუალება მოგცეთ ისე, რომ არ იდარდოთ კიბოს განვითარებაზე 70 წლის ზემოთ, გულის დაავადებებზე 80 წელს ზემოთ და ალცჰაიმერზე 90-ს ზემოთ“, —განუცხადა სინკლერმა აუდიტორიას ჯანდაცვისა და კეთილდღეობის საკითხების ღონისძიება Life Itself-ზე, რომელიც CNN-თან პარტნიორობით გაიმართა.

„სწორედ ასეთი სამყარო მოდის. მთავარი კითხვაა როდის და გეტყვით, რომ უმეტესი ჩვენგანისთვის ეს ჩვენს სიცოცხლეშივე მოხდება“, — აღნიშნა სინკლერმა.

სინკლერის პარტნიორისა და ინვესტორის, უიტნი კეისის განცხადებით, სინკლერის კვლევა აჩვენებს, რომ შეგვიძლია ასაკი შევცვალოთ, რათა დიდხანს ვიცოცხლოთ ახალგაზრდებმა — მას სურს მსოფლიო შეცვალოს და დაბერება დაავადებად აქციოს.

მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე მედიცინას ავადმყოფობათა მკურნალობა შეუძლია, ხშირად ვერ უმკლავდება გამომწვევ მიზეზს, რაც სინკლერის განცხადებით, უმეტესი დაავადების შემთხვევაში არის თავად დაბერება.

„ვიცით, რომ როდესაც უკუვაქცევთ თაგვების ორგანოების, მაგალითად, თავის ტვინის ასაკს, ასაკის თანმხლები დაავადებებიც ქრება. ბრუნდება მეხსიერება, აღარსადაა დემენცია. მჯერა, რომ მომავალში, დაბერების გაჭიანურება და უკუქცევა საუკეთესო გზა იქნება უმეტესი ჩვენგანისთვის შემაწუხებელ დაავადებათა სამკურნალოდ“, — ამბობს სინკლერი.

გადატვირთვის ღილაკი

სინკლერის ლაბორატორიაში ერთმანეთის გვერდით ორი თაგვი ზის. ერთი მათგანი ახალგაზრდულად გამოიყურება, მეორე კი ჭაღარა და მისუსტებულია. თუმცა, ისინი და-ძმა არიან, ერთი ნაყარი — განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ ერთი მათგანი გენეტიკურად შეცვალეს, რათა უფრო სწრაფად დაბერებულიყო.

თუკი ეს შესაძლებელია — ეკითხება სინკლერი თავის ჯგუფს, შეიძლება თუ არა უკუქცევის მიღწევაც? იაპონელმა ბიოსამედიცინო მკვლევარმა შინია იამანაკამ უკვე გადააპროგრამა ადამიანის კანის ზრდასრული უჯრედები ისე, რომ იქცევიან ემბრიონული ან პლურიპოტენციალური ღეროვანი უჯრედების მსგავსად — შეუძლიათ, განვითარდნენ სხეულის ნებისმიერ სხვა უჯრედად. 2007 წლის ამ აღმოჩენისთვის მან ნობელის პრემია მიიღო და ასეთ უჯრედებს მალევე უწოდეს „იამანაკას ფაქტორები“.

თუმცა, იამანაკას ფაქტორების მეშვეობით ღეროვან უჯრედებად სრულად გადაქცევისას, ზრდასრული უჯრედები იდენტობას კარგავენ. ავიწყდებათ, სისხლის უჯრედები არიან, გულის თუ კანის, რის გამოც ისინი ბრწყინვალეა ხელახლა დაბადებისთვის, მაგრამ გამოუსადეგარია გაახალგაზრდავებისთვის. საჭირო არ არის ბრედ პიტის პერსონაჟი ფილმში „ბენჯამინ ბატონის უცნაური ისტორია“, რათა მთლად ახალშობილად იქცეთ; საჭიროა მისი ასაკის უკან დაბრუნება ისე, რომ ახსოვდეს, ვინ არის.

ეს პრობლემა მსოფლიოს სხვადასხვა ლაბორატორიაში დაძლიეს. 2016 წელს, კალიფორნიის სალკის ინსტიტუტის მეცნიერებმა კვლევაში აჩვენეს, რომ გენეტიკურად დაბერებულ თაგვში შესაძლებელია სიბერის ნიშნების წაშლა, იამანაკას ოთხ ძირითად ფაქტორზე მოკლე დროით დაქვემდებარებისას, თანაც ისე, რომ არ წაიშალოს უჯრედების იდენტობა.

თუმცა, ამ კვლევას ჰქონდა უარყოფითი მხარეც: გარკვეულ სიტუაციებში, შეცვლილ თაგვებს სიმსივნური ქსოვილები განუვითარდათ.

უფრო უსაფრთხო ალტერნატივის ძიებისას, სინკლერის ლაბორატორიის გენეტიკოსმა იანჩენგ ლუმ ოთხიდან სამი ფაქტორი აირჩია და მათ გენეტიკურად დაამატა უსაფრთხო ვირუსი. ვირუსი ისე იყო შექმნილი, რათა იამანაკას გამაახალგაზრდავებელი ფაქტორები თვალის ბადურის დაზიანებულ განგლიოზურ უჯრედებამდე (ბადურის ნეირონები) მიეტანა მოხუცი თაგვის თვალის უკანა მხრიდან. მას შემდეგ, რაც ვირუსი ინექციით თვალში შეუყვანეს, თაგვისთვის ანტბიოტიკებით მიცემის გზით ჩართეს პლურიპოტენციური გენები.

„ანტიბიოტიკი უბრალოდ იარაღია. რეალურად ის შეიძლება ნებისმიერი ქიმიური ნივთიერება იყოს, უბრალოდ იმის დარწმუნების გზაა, რომ სამი გენი ჩართულია. ჩვეულებრივ, ისინი ჩართულია მხოლოდ ძალიან ახალგაზრდა განვითარებად ემბრიონებში და შემდეგ ასაკის მატებასთან ერთად ითიშება“, — ამბობს სინკლერი.

საოცარია, მაგრამ იმ თაგვების თვალების დაზიანებული ნეირონები, რომლებსაც სამი უჯრედი შეუყვანეს, გაახალგაზრდავდა, ახალი აქსონებიც (ნერვული უჯრედის მორჩი) კი გაეზარდა, ანუ თვალიდან ტვინისკენ მიმავალი პროექციები. ამ თავდაპირველი კვლევის შემდეგ, სინკლერმა განაცხადა, რომ მისმა ლაბორატორიამ დაბერება უკუაქცია თაგვების კუნთებსა და თავის ტვინში და ამჯერად ისინი თაგვის მთლიანი სხეულის გაახალგაზრდავებაზე მუშაობდნენ.

„როგორღაც, უჯრედებმა იციან, რომ სხეულს შეუძლია საკუთარი თავის გადატვირთვა და ისიც იცან, რომელი გენები უნდა იყოს ჩართული, როცა ისინი ახალგაზრდები იყვნენ. ვფიქრობთ, ვიყენებთ უძველეს რეგენერაციის სისტემას, რომელსაც ზოგიერთი ცხოველი იყენებს — როდესაც სალამანდრას კიდურს მოაჭრი, მას ის ხელახლა ეზრდება. აღდგება თევზის კუდიც; ხელახლა იზრდება თაგვის თითიც“, — ამბობს სინკლერი.

მისი განცხადებით, ეს აღმოჩენა მიუთითებს, რომ სხეულში შენახულია ახალგაზრდობის შესახებ ინფორმაციის „სარეზერვო ასლი“.

მისივე განცხადებით, ის მას დაბერების საინფორმაციო თეორიას უწოდებს. ამბობს, რომ სწორედ ინფორმაციის დაკარგვა განაპირობებს, რომ დაბერებულ უჯრედებს არ ახსოვთ, როგორ იფუნქციონირონ, ავიწყდებათ, რა ტიპის უჯრედები არიან.

„ახლა კი, ჩვენ შეგვიძლია შევიყვანოთ გადატვირთვის ჩამრთველი, რომელიც კვლავ აღადგენს უჯრედის მიერ გენომის სწორად წაკითხვის უნარს, როგორც ახალგაზრდობაში ხდებოდა“, — ამბობს სინკლერი.

მიუხედავად იმისა, რომ ცვლილებები თაგვებში თვეები გაგრძელდა, უჯრედები დროში არ გაიყინა დაბერება კვლავ დაიწყო. სინკლერის თქმით, ის ისეთივე განუწყვეტელია, როგორც დაბერება. წარმოადგენს გადატვირთვას, რომლის შემდეგაც თაგვები კვლავ დაბერდნენ, ამიტომ, პროცესი კვლავ გაიმეორეს.

„გვჯერა, რომ ვიპოვეთ საკონტროლო გადამრთველი, საათის უკან დაბრუნების გზა. ამის შემდეგ, სხეული იღვიძებს, ახსენდება, როგორ მოიქცეს, ახსოვს, როგორ აღიდგინოს თავი და კვლავ გაახალგაზრდავდეს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ უკვე მოხუცია და აქვს დაავადებები“, — აღნიშნავს სინკლერი.

მეცნიერებმა უკვე იციან, როგორ შეანელონ დაბერება

სინკლერის განცხადებით, ადრეულ ეტაპზეა კვლევები იმის შესახებ, იგივე ეფექტი ექნება თუ არა ადამიანებზეც იმ გენეტიკურ ჩარევებს, რომლებმაც თაგვები გააახალგაზრდავა. წლებია საჭირო, ვიდრე დასრულდება ცდები ადამიანებზე, მოხდება მათი ანალიზი და თუ უსაფრთხო და წარმატებული აღმოჩნდა, ფედერალურ ავტორიზაციასაც მიიღებს.

ამასობაში, როდესაც მეცნიერებას ველოდებით იმის გასარკვევად, ჩვენც შეგვიძლია თუ არა ჩვენი გენების საწყის მდგომარეობაში დაბრუნება, არსებობს მრავალი სხვა გზა, რომლითაც შესაძლებელია დაბერების პროცესის შენელება და ჩვენი ბიოლოგიური საათის გადატვირთვა.

„მთავარი რჩევები მარტივია: აქცენტი გააკეთეთ მცენარეულ საკვებზე, ჭამეთ ნაკლებად ხშირად, საკმარის ხანს იძინეთ, კვირაში სამჯერ 10-10 წუთით მძიმედ ივარჯიშეთ კუნთოვანი მასის შესანარჩუნებლად, წვრილმანებზე ნუ იდარდებთ და გქონდეთ კარგი სოციალური ჯგუფი“, — ამბობს სინკლერი.

ყველა ეს ქცევა გავლენას ახდენს ჩვენს ეპიგენომზე, ცილებსა და ქიმიურ ნივთიერებებზე, რომლებიც ჭორფლებივით ფარავს თითოეულ გენს და იცდიან, რათა გენს უთხრან, „რა გააკეთონ, სად გააკეთონ და როდის გააკეთონ“. ეპიგენომი ფაქტობრივად ახდენს გენების ჩართვა-გამორთვას.

რა აკონტროლებს ეპიგენომს? საკვანძო როლს ასრულებს ადამიანის ქცევა და გარემო. ვთქვათ, დაიბადეთ გულის დაავადებებისა და დიაბეტისადმი გენეტიკური მიდრეკილებით. მაგრამ იმის გამო, რომ ვარჯიშობთ, გაქვთ მცენარეებზე ფოკუსირებული კვების რაციონი, კარგად გძინავთ და ცხოვრებაში უმეტესად მართავთ სტრესს, შესაძლებელია, რომ ეს გენები არც არასოდეს გააქტიურდნენ. ექსპერტთა თქმით, სწორედ ამ გზით არის ჩვენი გენეტიკური ბედის გარკვეული ნაწილი ჩვენსავე ხელში.

კარგად არის დასაბუთებული მცენარეული საკვების, ახლო, სასიყვარულო ურთიერთობები, ადეკვატური ვარჯიშისა და ძილის პოზიტიური გავლენა ჩვენს ჯანმრთელობაზე. თუმცა, ექსპერტები ამბობენ, რომ უფრო საკამათო საკითხია კალორიების შეზღუდვა სიცოცხლის გახანგრძლივების მიზნით.

საკვების შემცირება, ოღონდ არასრულფასოვანი კვების გამოწვევის გარეშე — მეცნიერულად ცნობილი გზაა სიცოცხლის თითქმის ერთ საუკუნემდე გახანგრძლივებისთვის. დაბერების ეროვნული ინსტიტუტის მონაცემებით, ჭიაყელებზე, კიბორჩხალებზე, ლოკოკინებზე, ხილის ბუზებსა და მღრღნელებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ კალორიების შემცირება „აფერხებს ასაკთან დაკავშირებული დარღვევების დაწყებას“, მაგალითად, კიბოსი, გულის დაავადებებისა და დიაბეტის. ზოგიერთმა კვლევამ დაადგინა სიცოცხლის გახანგრძლივებაც: 1968 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, თაგვებმა, რომლებსაც ერთი დღის ტიპური კალორიების მხოლოდ მესამედს აძლევდნენ, 53 თვეს იცოცხლეს — მაშინ, როცა ტყვეობაში თაგვი მხოლოდ დაახლოებით 24 თვეს ცოცხლობს.

თუმცა, ადამიანებზე ჩატარებული ცდები უფრო ბუნდოვანი იყო, ნაწილობრივ იმიტომ, რომ მრავალი მათგანი სიცოცხლის ხანგრძლივობის ნაცვლად წონის კლებაზე იყო ფოკუსირებული. თუმცა, სინკლერისთვის საკვების შემცირება მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო მისი პერსონალური საათის გადასატვირთად: უახლესმა ტესტებმა აჩვენა, რომ მისი ბიოლოგიური ასაკი 42 წელია, მიუხედავად იმისა, რომ მისი სხეული 53 წლის წინ დაიბადა.

„ბიოლოგიურ ტესტებს უკვე 10 წელია ვაკეთებ და ამ ხნის განმავლობაში, სტაბილურად ვახალგაზრდავდები. ჩემს ბიოლოგიურ საათში უდიდესი ცვლილება მაშინ მოხდა, როცა ნაკლებად ხშირად ჭამა დავიწყე — ახლა დღეში მხოლოდ ერთხელ ვჭამ. ამან უდიდესი ცვლილება მოახდინა ჩემს ბიოქიმიაში“, — ამბობს სინკლერი.

დამატებითი გზები საათის უკან გადასაწევად

სინკლერი თავის ცხოვრებაში სხვა იარაღებსაც იყენებს, საკუთარ და სხვათა ლაბორატორიებში მიმდინარე კვლევათა საფუძველზე. თავის წიგნში „რატომ ვბერდებით და რატომ არ უნდა ხდებოდეს ასე“, იმ ცოტა რამემ, რასაც ის აკეთებს, გაიარა „მკაცრი გრძელვადიანი კლინიკური ტესტირება“, რაც საჭიროა „პოტენციური შედეგების ფართო სპექტრის სრულად გასაგებად“.

სინკლერს სურს, საკუთარი რჩევები სხვებსაც გაუზიაროს: მინიმალურად იყენებს შაქარსა და სახამებელს და 40 წელს გადაცილებისას, უარი თქვა დესერტებზე (თუმცა, აღიარებს, რომ ზოგჯერ ხელი მაინც წაუცდება ხოლმე). ჭამს დიდი რაოდენობით მცენარეებს, თავს არიდებს ძუძუმწოვრების ჭამას და სხეულის წინას ოპტიმალურად დაბალ დონეზე ინარჩუნებს.

ვარჯიშობს ყოველდღიურად ძალიან ბევრი ნაბიჯის გადადგმის მეშვეობით, ლიფტის ნაცვლად ადის კიბეებით და თავის ვაჟთან ერთად დადის სპორტულ დარბაზში წონების ასაწევად და საძუნძულოდ, შემდეგ კი იღებს საუნას და ჩადის ყინულივით ცივ აუზში.

„20 წლის ბიჭის სხეული დავიბრუნე“, — ამბობს სინკლერი ღიმილით.

რაც შეეხება სიცივეს, მეცნიერება დიდი ხანია ფიქრობს, რომ დაბალი ტემპერატურა მრავალ სახეობაში სიცოცხლის ხანგრძლივობას ზრდის, მაგრამ მართლაც ასეა თუ არა, 2018 წლის კვლევის მიხედვით, ეს დამოკიდებულია პიროვნების გენომზე. მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, ადამიანებში სიცივე ყავისფერ ცხიმს ზრდის, რაც წარმოადგენს ცხიმის ტიპს, რომელსაც დათვები ცივ ამინდში თბილად ყოფნისთვის იყენებენ. ყავისფერმა ცხიმმა აჩვენა, რომ აუმჯობესებს მეტაბოლიზმს და ებრძვის სიმსუქნეს.

სინკლერი ყოველდღიურად იღებს ვიტამინ D-ს, K2-ს და ჩვილების ასპირინს, ასევე ისეთ საკვებ დანამატებს, რომლებმაც კარგი შედეგები აჩვენა სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდის თვალსაზრისით საფუარში, თაგვებსა და სინჯარაში მოთავსებულ ადამიანის უჯრედებში.

ერთ-ერთი დანამატი, რომელსაც ის მას შემდეგ იღებს, რაც მისი სასარგებლოობა დამტკიცდა, წარმოადგენს ანტიოქსიდანტის მსგავს სუბსტანციას, რომელიც გვხვდება ყურძნის, მოცვის, ჟოლოსა და თუთის კანში, ასევე მიწისთხილში.

„ეს და სხვა დანამატები და ჩემი ცხოვრების სტილი მიმართულია იქით, რომ ჩართოს თავდაცვა დაბერების წინააღმდეგ. თუ ასე მოიქცევით, საათს დარწმუნებით ვერ გადაწევთ, უბრალოდ, შეანელებ ეპიგენეტიკურ დაზიანებას და სიბერის სხვა საშინელ დამღათა გაჩენას“, — ამბობს სინკლერი.

თუმცა, მისი აზრით, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ერთი რამ.

„ჩემი აზრით, რეალური წინსვლა გახლდათ უნარი, უთხრათ თქვენს სხეულს, რომ დაივიწყოს ყველაფერი, უბრალოდ, კვლავ ახალგაზრდა იყოს. ოპტიმისტურად მიმაჩნია, რომ გავიმეორებთ იმ ძალიან ფუნდამენტურ პროცესს, რომელიც ყველაფერში არსებობს, ღამურებითა და ცხვრებით დაწყებული, ვეშაპებითა და ადამიანებით დამთავრებული; ჩვენ ეს უკვე გავაკეთეთ თაგვებზე. არ არსებობს მიზეზი ვიფიქრო, რომ ის ადამიანებზეც არ იმუშავებს“, — ამბობს ჰარვარდის სამედიცინო სკოლის მოლეკულური ბიოლოგი დევიდ სინკლერი.

მომზადებულია CNN-ის მიხედვით.