თბილისში, დიდ დიღომში, ტექნიკის საწყობში ხანძარი ლიკვიდირებულია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დამწვარია 1 800 კვ/მ ფართობი.
„მეხანძრე-მაშველებმა შენობიდან გამოიყვანეს ერთი მოქალაქე, რომელიც გადაყვანილია სტაციონარში. ასევე, მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლმოკიდებული შენობიდან უვნებლად გამოიყვანეს და გადაარჩინეს ორი ლეკვი“,- აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, ადგილზე 23 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.