დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის ლიდერი კირ სტარმერი - ცვლილება ახლა იწყება, შეცვლილი „ლეიბორისტული პარტია“ მზად არის, ემსახუროს ქვეყანას
დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის ლიდერი კირ სტარმერი - ცვლილება ახლა იწყება, შეცვლილი „ლეიბორისტული პარტია“ მზად არის, ემსახუროს ქვეყანას

ცვლილებები ახლა იწყება, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, კირ სტარმერმა დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, მხარდამჭერებისთვის მიმართვისას განაცხადა.

„ამისთვის თქვენ ჩაატარეთ კამპანია, იბრძოლეთ, მიეცით ხმა. ცვლილება ახლა იწყება. გულწრფელად უნდა ვთქვა, რომ ეს ძალიან კარგი გრძნობაა. შეცვლილი „ლეიბორისტული პარტია“ მზად არის, ემსახუროს ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა სტრამერმა.

ამასთან ერთად, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა აღნიშნა, რომ მიღებული მანდატი მისთვის დიდი პასუხისმგელობაა.

„ჩვენი ამოცანა სხვა არაფერია, თუ არა იმ იდეების განახლება, რაც აერთიანებს ამ ქვეყანას. ჩვენ უნდა დავაბრუნოთ პოლიტიკა საჯარო სამსახურში, ვაჩვენოთ, რომ პოლიტიკა შეიძლება იყოს სიკეთის ძალა. ეს არის უდიდესი გამოცდა პოლიტიკისთვის ამ ეპოქაში“, – განაცხადა სტარმერმა.

ეგზიტპოლის მიხედვით, „კონსერვატორების“ 14-წლიანი მმართველობის შემდეგ ვადამდელ არჩევნებში არჩევნებში „ლეიბორისტულმა პარტიამ“ გაიმარჯვა. თემთა პალატის 650-კაციან შემადგენლობაში ლეიბორისტები 410 ადგილს დაიკავებენ, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი კი მათი ლიდერი კირ სტარმერი გახდება.

ამასთან, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა და კირ სტარმერს გამარჯვება მიულოცა.