დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრებმა იტალიის ქართული დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ონლაინშეხვედრა გამართეს
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრებმა იტალიის ქართული დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ონლაინშეხვედრა გამართეს

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ და კომიტეტის წევრებმა იტალიის ქართული დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან  ონლაინშეხვედრა გამართეს.

შეხვედრაში დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრებთან ერთად, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდმა, დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.

„ჩვენ პანდემიის პერიოდში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად შევიმუშავეთ ეს პლატფორმა, რომ არ დაგვრჩენოდა უყურადღებოდ უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეები და ის აქტიური დიასპორები, რომლებიც გამორჩეულნი არიან, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო პროგრამაში. ჩვენ არჩევნების შემდეგაც განვაგრძეთ ამ მიმართულებით აქტივობა. პლატფორმა კომიტეტის საქმიანობის ნაწილი გახდა და კომიტეტის წევრების გადაწყვეტილებით, დღის წესრიგთან ერთად, იგი ჩვენი საქმიანობის მუდმივი შემადგენელი იქნება. ამაში მნიშვნელოვნად გვეხმარება საგარეო საქმეთა სამინისტრო. მინისტრიც არაერთხელ ჩაერთო და პირადად მოგახსენათ, რა იგეგმება და რა კეთდება ამ მიმართულებით“,-განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ონლაინშეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს  იტალიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, კონსტანტინე სურგულაძემ და საელჩოს მრჩეველმა, დავით გომართელმა. მხარეებმა იტალიაში საქართველოს საელჩოს და ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს როგორც  მსოფლიოში, ისე იტალიის ქართულ დიასპორაში პანდემიის შედეგად შექმნილი მდგომარეობა და გამოწვევები, არსებული შეზღუდვები, საავიაციო და სახმელეთო მიმოსვლისა და ვაქცინაციის საკითხები. ყურადღება გამახვილდა იტალიაში საქართველოს წარმომადგენლობების (საელჩო, საკონსულო) ჩართულობის მნიშვნელობაზე და დიასპორის წინაშე არსებული იმ გამოწვევებზე, რომელთა გადაწყვეტაშიც მონაწილეობა უნდა მიიღოს ქართულმა სახელმწიფომ.

იტალიაში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციების, სათვისტომოების, სამრევლოების, საკვირაო სკოლების, შემოქმედებით-ფოლკლორული წრეების, სხვა სახის ქართველოლოგიური ცენტრების წარმომადგენლებმა, ასევე სხვადასხვა სფეროში მოღვაწე თანამემამულეებთან, მათ შორის, სამედიცინო დარგის სპეციალისტებთან ერთად ონლაინფორმატში იმსჯელეს პანდემიის პირობებში საპარლამენტო კომიტეტის გეგმებზე ქართულ დიასპორებთან ურთიერთობების მომართულებით; განიხილეს დაგეგმილი ღონისძიებები და ხედვები ურთიერთობების ინტენსიფიკაციის ამაღლებისთვის; ისაუბრეს პანდემიის პირობებში საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის გაწეული მუშაობისა და 2021 წლის გეგმების, ზოგადად საქართველოში არსებული მდგომარეობისა და მიმდინარე რეფორმების, საგარეო ურთიერთობების, მათ შორის, რეგიონში შექმნილი მდგომარეობის შესახებ.

ონლაინშეხვედრაზე ასევე განიხილეს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური საკითხები; განათლების, ეკონომიკის, მათ შორის ტურიზმისა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით არსებული მდგომარეობა და სამომავლო გეგმები. შეხვედრაზე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა მათი საქმიანობისთვის და აღნიშნა, რომ დიასპორასთან ურთიერთობა საქართველოს მთავრობის და საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. ბექა ოდიშარიამ საგარეო საქმეთა სამინისტროს მადლობა გადაუხადა „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის“ პროგრამის განხორიცილებისთვის და აღნიშნა, რომ მსგავსი პროგრამები ხელს შეუწყობს დიასპორაში მნიშვნელოვანი და საინტერესო ინიციატივებისა და სიახლეების განხორციელებას.

უცხოეთში მცხოვრებმა თანამემამულეებმა მადლობა გადაუხადეს ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებს იმ ძალისხმევისთვის, რომელიც გამოჩენილ იქნა პანდემიის ყველაზე რთულ პერიოდში საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების მიზნით. მათ ასევე აღნიშნეს „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის“ საგრანტო პროექტის დადებითი მნიშვნელობის შესახებ და იმედი გამოთქვეს, რომ ორმხრივი თანამშრომლობა სამომავლოდაც აქტიურად გაგრძელდება.

დიასპორის წარმომადგენლებთან დისტანციური შეხვედრები აღნიშნულ ფორმატში რეგულარულად იმართება.