გაზეთ Diario Gol-ის ინფორმაციით, მადრიდის “რეალში” სერიოზული კონფლიქტი მწიფდება, რისი მიზეზიც ფეხბურთელებს შორის დაძაბული ურთიერთობებია. კერძოდ, ნახევარმცველი ისკო უკმაყოფილებას გამოხატავს გუნდის ლიდერების გამო.
როგორც გამოცემა ამტკიცებს, 25 წლის ესპანელი იმედგაცრუებულია მთავარი მწვრთნელის ზინედინ ზიდანის ზედმეტი კეთილგანწყობით კრიშტიანუ რონალდუს, გარეტ ბეილისა და ქარიმ ბენზემას მიმართ. ეს ფეხბურთელები ცუდი ფორმის მიუხედავად, მუდმივად ხვდებიან სასტარტო შემადგენლობაში.
გარდა ამისა, ისკო აკრიტიკებს ამ ტრიოს გატაცებებს და მიაჩნია, რომ მათი სხვადასხვა ჰობი სერიოზულად ვნებს “რეალის” შედეგებს.
როგორც ისკო ამბობს, ბეილი ძალიან დიდ დროს უთმობს გოლფს, ბენზემა ღამის კლუბების ხშირი სტუმარია, ხოლო რონალდუ უფრო მეტად დაკავებულია მოგზაურობით, ძვირფასი ავტომობილების შეძენითა და ბავშვების მოვლით.
კიდევ ერთი თანაგუნდელი, რომელმაც ისკოს კრიტიკა დაიმსახურა, ფრანგი მცველი რაფაელ ვარანია. მას ძალიან უყვარს NBA და ხშირად არღვევს რეჟიმს იმისთვის, რომ საკალათბურთო მატჩებს პირდაპირ ეთერში უყუროს.
ისკოს ლა ლიგას 18 მატჩში 5 გოლი და 4 საგოლე პასი აქვს. ამასთან, მან მხოლოდ ოთხჯერ ითამაშა სრული 90 წუთი.
ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში “ალავესის” წინააღმდეგ, ისკომ 66-ე წუთზე შეცვალა ბეილი და 81-ე წუთზე 2:1 გახადა ანგარიში. მატჩი ფრედ – 2:2 დასრულდა.