დიანა ნიკოლაიშვილი - სახელმწიფოს მიერ აღმზრდელთა რეესტრის შექმნით მოქალაქეებს არჩევანის საშუალება ეძლევათ
სახელმწიფოს მიერ აღმზრდელთა რეესტრის შექმნით მოქალაქეებს არჩევანის საშუალება ეძლევათ, – ამის შესახებ ფსიქოთერაპიისა და პიროვნული ზრდის ცენტრის “სტიმული” დამფუძნებელმა, ექიმმა-ფსიქოთერაპევტმა დიანა ნიკოლაიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„თანამშრომლის აყვანის სურვილის შემთხვევაში მოქალაქეთა გარკვეული კატეგორია სახელმწიფო სტრუქტურას ენდობა და ასევე, ბავშვისთვის ბაღებს საჯარო სექტორიდან ირჩევს, ნაწილი კი კერძო ბაღებს ირჩევს და თანამშრომლის აყვანის სურვილის შემთხვევაში კერძო ორგანიზაციებს მიმართავს. ამიტომ, მოქალაქეებისთვის აღმზრდელთა რეესტრის შექმნა არჩევანის საშუალებაა“, – განაცხადა ნიკოლაიშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა უნდა მოეთხოვებოდეს ბავშვის აღმზრდელს, რა არის პირველი რიგის ამოცანა და რა უნდა აისახოს კანონმდებლობაში, დიანა ნიკოლაიშვილმა განაცხადა, რომ ძალიან საფუძვლიანად უნდა შემოწმდეს იმ ადამიანის ფსიქოლოგიური სტატუსი, რომელიც საკუთარ თავზე სხვისი შვილის აღზრდის უდიდეს პასუხისმგებლობას იღებს.
„პირველი შთაბეჭდილება, რასაც მშობლები ეყრდნობიან, ხშირად ყალბია. ძალიან მნიშვნელოვანია იმ ოჯახების რეკომენდაციები, სადაც ძიძა მანამდე მუშაობდა, მაგრამ ამავე დროს, შესაძლებელია, ძიძა ამა თუ იმ ოჯახის ღირებულებებში კარგად ჩაჯდა და შესაბამისად, მათგან შესანიშნავი რეკომენდაციებით წამოვიდა, მაგრამ სხვა ოჯახში მისი ღირებულებები აბსოლუტურად მიუღებელი აღმოჩნდეს“, – განაცხადა ნიკოლაიშვილმა.