დიანა ნიკოლაიშვილი - მინდა, მშობლებს რჩევა მოგცეთ, როგორ უნდა გამოტეხოთ ბავშვი, თუ მასზე ძიძა ძალადობს
მინდა, მშობლებს რჩევა მოგცეთ, როგორ უნდა გამოტეხოთ ბავშვი, თუ მასზე ძიძა ძალადობს და ბავშვი ამას მალავს, – განაცხადა ფსიქოთერაპიისა და პიროვნული ზრდის ცენტრის “სტიმული” დამფუძნებელმა, ექიმმა-ფსიქოთერაპევტმა დიანა ნიკოლაიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.
„ბავშვები ამას იმიტომ მალავენ, რომ ხშირ შემთხვევაში მოძალადე ბავშვს ოჯახის წევრის დაზიანებით აშინებს, ან ეუბნება, რომ თუ ამას მოყვება, დედა ცუდად გახდება და ა.შ. მეორე ვარიანტია, როცა ბავშვს ჰგონია, რომ რაღაც მართლა დააშავა და თუ დედას ძალადობის შესახებ მოუყვება, ამით მას კიდევ უფრო გაანაწყენებს. ანუ, მომხდარ ფაქტზე პასუხისმგებლობას ბავშვი საკუთარ თავზე იღებს“, – განაცხადა ნიკოლაიშვილმა.
მისი თქმით, თუ ბავშვი ძალადობის ფაქტებზე ლაპარაკობს, ეს ყველა შემთხვევაში იმას არ ნიშნავს, რომ სიმართლეს ამბობს. ისინი ხშირად რაღაცებს იგონებენ და მანიპულირებენ, მაგრამ მშობელმა ამის დადგენა უნდა მოახერხოს. მაგალითად – თამაში თერაპიით.
„არსებობს თამაში თერაპია. მშობელმა ბავშვს უნდა შესთავაზოთ, ბევრი სათამაშოდან მაგალითად, დედა სათამაშო აირჩიოს ისე, რომ არ დაუკონკრეტოთ რომელი, თორემ ბავშვი ამ დროს პროცესშია ჩართული და თამაშში ის დაცვითი ფაქტორები ჩაირთვება, რომელიც მანამდე ამოძრავებდა. როცა ლაპარაკი მესამე პირზეა, ბავშვს თავდაცვა, რაღაცების დამალვა და კონტროლი აღარ სჭირდება და ის უფრო მარტივად მოყვება ფაქტებს, რაც თავს გადახდა“, – განაცხადა ნიკოლაიშვილმა.
როგორც ექიმმა-ფსიქოთერაპევტმა აღნიშნა, მას შემდეგ, რაც ბავშვი ოჯახის ყველა წევრის და პლუს, ძიძის შესაბამის სათამაშოს აირჩევს, მშობელი დიაგნოსტიკის რეჟიმზე გადადის.
„თუ ბავშვი დიდ სათამაშოებს ირჩევს, როგორც დედას და მამას, თვითონ შედარებით პატარაა, ძიძა კი ძალიან პატარა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბავშვი კომპესატორულად ძიძის ღირებულების შემცირებას ცდილობს. ანუ, ის ცდილობს, პატარა ზომის სათამაშოთი მასთან ურთიერთობაში მყოფი ტირანი და დიქტატორი ადამიანის ღირებულება და გავლენა შეამციროს. იგივე ხდება ნახატის შემთხვევაშიც, როცა ბავშვი ოჯახის წევრებს ხატავს. თუ დიდ ადამიანს პატარა ზომით დახატავს, ამით მის მნიშვნელობას ამცირებს“, – განაცხადა ნიკოლაიშვილმა.
მისი თქმით, ეს პირველი სიგნალია, რომლის შემდეგაც თამაში გრძელდება და ოჯახის წევრები, რომლებიც მუშაობენ, სახლიდან მიდიან.
„ამ დროს დედა შვილს სთხოვს, ძიძა თვითონ ბავშვი იყოს. ბავშვის სათამაშოს ატარებს და ამ სათამაშოთი ცელქობას იწყებს. ბავშვს იმხელა ცხოვრებისეული გამოცდილება არ აქვს, რომ პროცესი აკონტროლოს და ეს ცელქი სათამაშო დააწყნაროს. ამიტომ, იგივე სტრატეგიებს იყენებს, რასაც ძიძა. ანუ, თუ ძიძა ბავშვზე ძალადობს, ბავშვი ყვირილს იწყებს, სათამაშოს ყურს უწევს, ურტყამს და ა.შ. ხოლო თუ ძიძა დიპლომატია და ცდილობს, ბავშვს ახსნის მეთოდით მიუდგეს, ბავშვი სათამაშოს საუბარს და ახსნას უწყებს. ასევე შეიძლება გამოვლენა, თუ რა მეთოდით აჭმევს ძიძა ბავშვს, როცა მას ჭამა არ უნდა. თამაშის დროს, ბავშვი ძიძის მეთოდს ამ შემთხვევაშიც იმეორებს“, – განაცხადა დიანა ნიკოლაიშვილმა.