დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 23-ის მდგომარეობა მძიმე, ექვსის კი კრიტიკული რჩება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული 240 პაციენტიდან ექვსის მდგომარება კრიტიკულია, 23-ის კი მძიმედ ფასდება.
„კორონავირუსის 240 დადასტურებული შემთხვევიდან ექვსი კრიტიკულად მძიმე პაციენტია. ისინი კოვიდცენტრების რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობენ. ინფიცირებულებიდან 23 მძიმე პაციენტია, დანარჩენის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
რაც შეეხება უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოს, როგორც ეზუგბაიამ აღნიშნა, კლინიკაში სულ 32 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, ორის მძიმე, დანარჩენი ინფიცირებულების მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია.
მისივე თქმით, კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან, ინფექციურ საავადმყოფოს არც ერთი ინფიცირებული დამატებია.
„რაც შეეხება ჩვენი ცენტრის მონაცემებს, გუშინ გვყავდა 36 დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა ოთხი. ახალი ინფიცირებულებიდან პაციენტი არ მიგვიღია. დღევანდელი მონაცემებით, კლინიკაში 32 კოვიდინფიცირებული გვყავს. აქედან ერთი კრიტიკულად მძიმე პაციენტია, ორი მძიმე, დანარჩენი საშუალო და მსუბუქი პაციენტები არიან“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 20 პაციენტი.