დღეს დედაენის დღე აღინიშნება
დღეს დედაენის დღე აღინიშნება

საქართველოში დღეს დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა. 1978 წლის 14 აპრილს თბილისში გამართულმა გრანდიოზულმა საპროტესტო გამოსვლამ ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნა და ხელი შეუშალა საბჭოთა ხელმძღვანელობას, საბჭოთა საქართველოს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ მუხლი გამქრალიყო. თარიღთან დაკავშირებით, ქვეყნის მასშტაბით ღონისძიებების კვირეული იგეგმება. კვირეული თსუ-ს პირველი კორპუსის ცენტრალურ ფოიეში 14:00 საათზე გაიხსნება.

ამასთან, უნივერსიტეტის ბაღში მთელი დღის განმავლობაში შემეცნებითი ინსტალაციები, გასართობი ღონისძიებები და საბავშვო კუთხე იქნება წარმოდგენილი. გაიმართება თბილისის საგუნდო მუსიკის ფესტივალის კონცერტი – ანსამბლი „მძლევარი“.

ასევე, გაიხსნება კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი გამოფენა – „საქართველოსა და ქართული ენის დამცველი“.

თსუ-ში სახელმწიფო ენის დეპარტამენტის, თბილისის მერიისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთობლივი კონკურსის გამარჯვებულ მოსწავლეთა, სტუდენტთა და მასწავლებელთა დაჯილდოება გაიმართება.

უნივერსიტეტის ბაღში 17:00 საათზე ნიაზ დიასამიძე და ჯგუფი „33ა“ კონცერტს გამართავენ.

დღის ბოლოს, 20:00 საათზე 3D ინსტალაციის – „ქართული ხელნაწერები“ ნახვა მსურველებს თავისუფლების მოედანზე, თბილისის საკრებულოს შენობის ცენტრალურ ფასადზე შეეძლებათ.