დღეს და ხვალ სამების საკათედრო ტაძარში შესაბამისი აკრედიტაციის გარეშე მედიის დაშვება შეიზღუდება
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, დღეს და ხვალ სამების საკათედრო ტაძარში შესაბამისი აკრედიტაციის გარეშე მედიის დაშვება შეიზღუდება.
როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტავენ, გადაწყვეტილება გაუგებრობისა და ტაძარში დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად მიიღეს.
„გუშინ სამების საპატრიარქო ტაძარში მომხდარი ვანდალური აქტიდან გამომდინარე, დღეს და ხვალ საკათედრო ტაძარში მედიასაშუალებების წარმომადგენელთა დაშვება შესაბამისი აკრედიტაციის გარეშე შეიზღუდება. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია შემდგომი გაუგებრობისა და ტაძარში დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად“, – აღნიშნავენ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
სოციალურ ქსელში გავრცელდა მატრონა მოსკოველის ხატის ფოტო, რომელსაც ლურჯი საღებავი აქვს შესხმული. ასევე, სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა ნატა ფერაძემ. შსს-მ ფაქტთან დაკავშირებით საქმის წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.