თბილისში ტაქსების რეგულირების პირველი ეტაპი სრულდება, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეიდან დედაქალაქის ქუჩებში ნებართვის გარეშე ტაქსით მომსახურება იკრძალება.
რეგისტრაციის ნებართვის არარსებობის შემთხვევაში, მძღოლი 200 ლარით დაჯარიმდება.
ტაქსის მძღოლებს საჭირო დოკუმენტის მისაღებად ორი თვე ჰქონდათ. რეგისტრაცია პირველ აგვისტოს დაიწყო. მძღოლებს ნებართვის მიღება მერიის ვებგვერდზე ელექტრონულად, ასევე თბილისის 10-ვე რაიონის გამგეობაში, 21 აგვისტოდან კი იუსტიციის სახლებში შეეძლოთ.
ამ დროისთვის ლიცენზია 10 000-ზე მძღოლმა მიიღო.
როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, ლიცენზირების საკითხი იმ სატრანსპორტო პოლიტიკის ნაწილია, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას ისახავს მიზნად.
რაც შეეხება მოთხოვნებს, პირველ ეტაპზე ლიცენზიის რეგისტრაციისთვის არ იყო შეზღუდვა ფერის, კარისა და თვლების მიხედვით. თუმცა, მერიის დადგენილების მიხედვით, ტაქსის მძღოლს ევალება, ტაქსის ფირნიში დამაგრებული ჰქონდეს მანქანის სახურავზე, ხოლო ნებართვა, რომელშიც მისი სახელი და გვარია მითითებული გაკრული სალონში, რომ მგზავრმა მძღოლის იდენტიფიცირება მოახდინოს.
ტაქსების რეგულირების მეორე ეტაპი 2019 წლის ოქტომბერში ამოქმედდება. ამის შესახებ უფრო კონკრეტულად მიმდინარე წლის ნომებერში გახდება ცნობილი. თუმცა ამ ეტაპზე ცნობილია, რომ მომდევნო წელს შეზღუდვა გავრცელდება ავტომობილის ფერზე. რეგისტრაციის გავლას მხოლოდ თეთრი ავტომობილები შეძლებენ. ლიცენზიის გარეშე დარჩებიან ორკარიანი და მარჯვენასაჭიანი ავტომობილები. თუმცა, ის ავტომობილები, რომელთა საჭე უკვე გადატანილია ყველა წესის დაცვით, საჭირო ნებართვას მიიღებენ. იგივე წესები გავრცელდება ბუნებრივ აირზე გადაყვანილ ავტომობილებზეც. მომდევნო წლისთვის მსგავსი ავტომობილის დარეგისტრირებისას საჭირო გახდება სპეციალურად აკრედიტებულ ცენტრებში ავტომობილის შემოწმება და საბუთის აღება, რომელიც დაადასტურებს, რომ ავტომობილში დამონტაჟებული გაზის მოწყობილობა არის უსაფრთხო და შეესაბამება სტანდარტს.
კიდევ ერთი შეზღუდვა, რომელიც მომდევნო წლიდან ტაქსებს დაუწესდებათ, გასაჩერებელი ადგილები იქნება. მათთვის სპეციალური ადგილები მოეწყობა. დედაქალაქის მთავრობის განმარტებით, ამით შეეცდებიან, თავიდან აიცილონ პარკირების ადგილებზე ტაქსების საათობით გაჩერება.