თბილისის მერია ლიცენზირებული ტაქსებისთვის პარკირების ადგილების გამოყოფას გეგმავს
თბილისის მერია ლიცენზირებული ტაქსებისთვის პარკირების ადგილების გამოყოფას გეგმავს

თბილისის მერია გეგმავს, ლიცენზირებული ტაქსების პარკირებისთვის სპეციალური ადგილები გამოყოს. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა და მოადგილეებს, ირაკლი ხმალაძესა და მაია ბითაძეს კონკრეტული ლოკაციების მოძიება დაავალა.

მისი თქმით, დღეისათვის უკვე 2 000-ზე მეტი ნებართვაა გაცემული.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მძღოლებს, იაქტიურონ. თქვენ იცით, რომ ოქტომბრიდან ლიცენზირების გარეშე შეუძლებელი იქნება ამ სერვისი გაწევა. ვისაც არ ექნება ლიცენზია და განახორციელებს ამ სერვისს, რა თქმა უნდა, დაჯარიმდება 200 ლარით. ამასთან, მინდა, დამატებით ვაცნობო ამ მომსახურების მიმწოდებლებს, რომ ჩვენ ვგეგმავთ ქალაქში, ეკონომიკურად აქტიურ ზონებში, გამოვყოთ ადგილები, სადაც დგომის უფლება ექნებათ მხოლოდ ლიცენზირებულ ტაქსებს, ყოველგვარი გადასახადის გარეშე. მივმართავ ჩემს მოადგილეებს, ირაკლი ხმალაძესა და მაია ბითაძეს, რაც შეიძლება მალე მოინახოს ქალაქში კონკრეტული ლოკაციები და გამოიყოს ადგილები, რათა ლიცენზიის მქონე ტაქსებს ჰქონდეთ ამ კონკრეტულ ადგილებში პარკირების შესაძლებლობა. ეს ყველა ევროპულ ქვეყანაში ასეა და ჩვენც იგივე მიდგომა უნდა გვქონდეს ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კალაძემ.